ნაზი ჯანეზაშვილი - იუსტიციის საბჭოს წევრებს აგრესიული დამოკიდებულება ჰქონდათ, მათ ადგილზე ასე არ მოვიქცეოდი
„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ მიმართ ძალიან აგრესიული დამოკიდებულება ჰქონდათ იუსტიციის საბჭოს წევრებს, მათ ადგილზე ასე არ მოვიქცეოდი, – ასე ეხმაურება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი საბჭოს სხდომაზე აღნიშნული ორგანიზაციის კვლევის შესახებ გამოთქმულ მოსაზრებებს.
როგორც ჯანეზაშვილმა აღნიშნა, საბჭოს მოსამართლე წევრები საზოგადოებაში მოსამართლის იმიჯს უნდა ამკვიდრებდნენ.
„ჩვენ ვნახეთ, რომ რიგ შემთხვევებში საკმაოდ არასერიოზული დამოკიდებულება იყო ზოგიერთ საკითხთან მიმართებაში, მით უმეტეს, რომ საკითხი არის ძალიან მნიშვნელოვანი და სენსიტიური. ისინი არიან მოსამართლეები, საზოგადოებაში ამკვიდრებენ მოსამართლის იმიჯს და პატივისცემას გამოხატავდნენ სხვების მიმართ. თუმცა საზოგადოებამ ნახა, რომ საბჭოს მოსამართლე წევრების მხრიდან არ იყო კეთილსინდისიერი დამოკიდებულება. სერგო მეთოფიშვილმა ამ კვლევას სამარცხვინო უწოდა და ვფიქრობ, ძალიან უხერხულია, როცა მოსამართლე ასე იქცევა“, – განაცხადა ჯანეზაშვილმა.
რაც შეეხება კვლევას და მის შინაარსს, ჯანეზაშვილს მიაჩნია, რომ აღნიშნული მასალებით სამართალდამცავი ორგანოები უნდა დაინტერესდნენ.
„ეს არის კვლევა, ეს არ არის გამოძიების შედეგი და განაჩენი, ამით საგამოძიებო ორგანოები უნდა დაინტერესდნენ. „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ნუ მოვთხოვთ იმაზე მეტს, ვიდრე ერთ ორგანიზაციას შეუძლია. საბჭოს წევრებმა ადეკვატური შეფასებები უნდა გააკეთონ“,-განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ საქართველოს საერთო სასამართლოების სისტემაში კორუფციის რისკებზე კვლევა წარადგინა, რომელშიც სასამართლო სისტემაში კორუფციის სავარაუდო შემთხვევების ხელშემწყობ ძირითად ფაქტორებზეცაა საუბარი. აღნიშნულ კვლევაზე იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დღევანდელ სხდომაზე იმსჯელეს.