ნაზი ჯანეზაშვილი - გასაუბრება უვადოდ გამწესების მსურველ მოსამართლეებთან იმის დასტურია, რომ მოსამართლე წევრების ნაწილი შეთანხმებულად მოქმედებს
დღევანდელი გასაუბრება კიდევ ერთხელ იყო დასტური იმისა, რომ ის გავლენიანი ჯგუფი, რომელიც წარმოდგენილია სასამართლო სისტემაში საბჭოს წევრების სახით, მოქმედებდნენ კიდევ უფრო ორგანიზებულად, – ასე აფასებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ნაზი ჯანეზაშვილი დღეს უვადოდ გამწესების მსურველ კანდიდატებთან გასაუბრების პროცესს.
მისი თქმით, დღევანდელი პროცესი იყო კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ საბჭოში მოსამართლე წევრების გარკვეული ჯგუფი შეთანხმებულად მოქმედებს.
„მე როგორც საბჭოს წევრი, ვალდებული ვარ, კონკრეტული კანდიდატი შევაფასო იმ კანონის შესაბამისად, რომელიც ჩვენ გვაქვს. კრიტერიუმების ჩამონათვალი არის საკმაოდ ვრცელი, ამიტომ მე ამ ფარგლებიდან როგორც წევრი არ გამოვიდოდი, ვინაიდან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ სამართლებრივ ფორმატში ვიმსჯელოთ ამ საკითხებზე. რაც შეეხება დღევანდელი პროცესების მიმდინარეობას, დღევანდელი გასაუბრება კიდევ ერთხელ იყო დასტური იმისა, რომ ის გავლენიანი ჯგუფი, რომელიც წარმოდგენილია სასამართლო სისტემაში საბჭოს წევრების სახით, მოქმედებდნენ კიდევ უფრო ორგანიზებულად“, – განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.
დღესვე ნაზი ჯანეზაშვილი, მისი კოლეგის ლევან თევზაძის განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც გამოვიდა ინიციატივით, საბჭოს არამოსამართლე წევრებისთვისაც ისეთივე ეთიკის წესები დაწესდეს, როგორიც მოსამართლე წევრებისთვის მოქმედებს. ნაზი ჯანეზაშვილის თქმით, თუ ვინმე არღვევს წესებს, საბჭოს მოსამართლე წევრები არიან.
„რაც შეეხება ლევან თევზაძის პოზიციას, ეთიკის წესების შემუშავებასთან დაკავშირებით, თუ ვინმე არღვევს ეთიკის წესებს და მათ შორის მოსამართლის ეთიკის წესებს, ესენი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრები არიან. როგორც ვიცით, ჩვენ გვაქვს მოსამართლეთა ეთიკის კოდექსი, რომელიც მოსამართლეს ავალდებულებს, ნებისმიერი საქმიანობის განხორციელებისას მოიქცეს ისე, როგორც მოსამართლის რეპუტაციას შეეფერება. პირველ რიგში, ჯობია იფიქრონ იმაზე, არღვევენ თუ არა ეთიკას. მაგრამ რაც შეეხება ახალ წესებს, მაშინ მიმართავდი საბჭოს ნებისმიერ წევრს, პირველ რიგში, ლევან თევზაძეს, რომ დამისახელოს ერთი ქვეყანა, სადაც არამოსამართლე წევრის ინსტიტუტია და მას აქვს სავალდებულო ხასიათის ეთიკის კოდექსი“, – განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.