ნაზი ჯანეზაშვილი და ანა დოლიძე ოპოზიციური გაერთიანება „ძალა ერთობაშიას“ წევრებს ხვდებიან
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრები ნაზი ჯანეზაშვილი და ანა დოლიძე ოპოზიციური გაერთიანება „ძალა ერთობაშიას“ წევრებს ხვდებიან.
ანა დოლიძე და ნაზი ჯანეზაშვილი ოპოზიციას უზენაესი სასამართლოს კანდიდატების შერჩევის კრიტერიუმებზე მათ მიერ მომზადებულ კანონპროექტს აცნობენ, რომლის მთავარი პრინციპიც ღია კონკურსით შერჩევაა. მომავალ კვირას ისინი კანონპროექტს ექსპერტებს გააცნობენ.
„ჩვენ ვართ იმ ვითარებაში, რომ სერიოზული რეფორმები სჭირდება სასამართლოს სისტემას, მხოლოდ კანონის ერთი ნორმის შეცვლა უკვე საკმარისი ნამდვილად აღარ არის. ცვლილებები საჭიროა უშუალოდ მოსამართლე კორპუსთან დაკავშირებითაც, რადგან გარედან უნდა შევიდეს რაც შეიძლება მეტი ახალი კადრი, მათ შორის უზენაეს სასამართლოში. ვისაუბრებთ ყველა იმ დეტალზე, რაც უზენაესი სასამართლოს კანდიდატურების შერჩევამ გამოიწვია, ასევე სამომავლო რეფორმებზე, რა უნდა გაკეთდეს. აუცილებლად უნდა შევაფასოთ წარსულიც, რადგან ამის გარეშე შეუძლებელია. მათ იციან ყველაფერი ამ ადამიანების შესახებ და იციან ის მართვის სტილი, რითაც სასამართლო იმართებოდა“, – განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.