ნავთობისა და გაზის სააგენტოს უფროსი აცხადებს, რომ ვანისა და წყალტუბოს ტერიტორიებზე გაზისა და ნავთობის აღმოჩენის ალბათობა ძალიან დიდია
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ზურაბ მაისურაძე ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს უფროსს, გიორგი ტატიშვილს შეხვდა.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, შეხვედრის მიზანი წყალტუბოს მუნიციპალიტეტში ნავთობისა და გაზის რესურსების (VIა სალიცენზიო ბლოკის) პროდუქციის წილობრივი განაწილების ხელშეკრულების მინიმალური სამუშაო პროგრამის შესრულების სკოპინგის ანგარიშის გაცნობა იყო.
როგორც ცნობილი გახდა, რვა მუნიციპალიტეტში დაგეგმილია გეოლოგიური საძიებო სამუშაოები. პირველი საძიებო ობიექტები ვანისა და წყალტუბოს ტერიტორიაა, სადაც დაგეგმილია მიწის რენტგენული გაშუქება 5000 მეტრის სიღრმეზე. სამუშაოებზე ცხრა მილიონი ლარის ლიცენზია ჩინურ კომპანიას – შპს „ჯორჯია ქოლაიშინ ენერჯი ლიმითედ კომპანის“ აქვს მოპოვებული.
ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს უფროსმა, გიორგი ტატიშვილმა მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლებისთვის საჯარო განხილვა მოაწყო და პროექტის მოსალოდნელი სიკეთეები გააცნო.
სააგენტოს უფროსმა აღნიშნა, რომ გაზის და ნავთობის აღმოჩენის ალბათობა ძალიან დიდია.
„მდინარე რიონის აუზში გაზი და ნავთობი არის, თუმცა რა ოდენობაა, ეს ჭაბურღილების დადგმის შემდეგ გახდება ცნობილი. სავარაუდოდ 100-დან 70% გაზია და 50/50-ზე ნავთობი. ეს არის ხანგრძლივი პროცესი, რომელიც სერიოზულ კვლევებს მოიცავს, გარემოსდაცვის საკითხებს, სეისმურ სამუშაოებს, აღმოჩენის ალბათობას, რომელიც სავარაუდოდ ოთხ წელიწადში დასრულდება და მერე დაიწყება სამუშაოები. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ზედა ზონის ტერიტორიები ჩვენი კვლევის ობიექტია“, – განაცხადა გიორგი ტატიშვილმა.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ ლიცენიზიის მფლობელ კომპანიას სოციალურად აქტიური პროექტის მომზადების რეკომენდაცია მისცა და თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვა.
სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვას შპს „ჯორჯია ქოლაიშინ ენერჯი ლიმითედ კომპანის“ დირექტორი ჩუ იონ ხუნი და კომპანიის წარმომადგენელი ვაგ ბინი ესწრებოდნენ.