ნავთლუღში მდებარე წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძარში სარემონტო სამუშაოებთან დაკავშირებით ტაძრის წინამძღვარი საპატრიარქოში დაიბარეს
საქართველოს საპატრიარქოს პრესსამსახურში აცხადებენ, რომ ნავთლუღში მდებარე წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძარში სარემონტო სამუშაოებთან დაკავშირებით ტაძრის წინამძღვარი საპატრიარქოში დაიბარეს.
„ბოლო ორი დღეა, სოციალური ქსელითა და მასმედიის საშუალებებით ვრცელდება ინფორმაცია ნავთლუღში მდებარე წმინდა ქალწულმოწამე ბარბარეს სახელობის ტაძარში უნებართვო სარემონტო სამუშაოების ჩატარებისა და არტეფაქტების დაზიანების შესახებ.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით 2020 წლის 20 ივლისს საქართველოს საპატრიარქოში დაბარებული იყო ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი ისე არზოხაშვილი.
როგორც მამა ისე განმარტავს, ტაძარში სარემონტო-სარეკონსტრუქციო სამუშაოები, რომლებმაც დღეს ასეთი ხმაური გამოიწვია, 17 წლის წინ დასრულდა. გარდა ამისა, ასევე დეკანოზის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ტაძრის ინტერიერის ფოტოებზე ასახულია წლების წინ მიმდინარე სარემონტო სამუშაოები და ძველი ფილები (ე.წ. მეტლახი). სწორედ ამ სამუშაოების შემდეგ შეიცვალა ფოტოებზე ასახული ფილები გრანიტის ახალი ფილებით.
თუმცა, აქვე გარკვევით აღვნიშნავთ, რომ ეს ფაქტი არ ამართლებს ტაძარში ჩატარებულ თვითნებურ სარემონტო სამუშაოებს; დეკანოზ ისე არზოხაშვილს თავის დროზე ნებართვისთვის არ მოუმართავს არც საქართველოს საპატრიარქოს ხუროთმოძღვრების საბჭოსთვის და არც საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსათვის, რაც აუცილებელი პირობაა ნებისმიერ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე ამგვარი სამუშაოების შესასრულებლად“, – აღნიშნულია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ამასთან, როგორც საქართველოს საპატრიარქოს ხუროთმოძღვრებისა და ხელოვნების ცენტრის თავმჯდომარემ, ალავერდელმა მიტროპოლიტმა აბბა დავითმა (მახარაძე) აღნიშნა: „ამ ეტაპზე მიმდინარეობს ფაქტის დეტალურად შესწავლა და უახლოეს დღეებში საქართველოს საპატრიარქოსა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ერთობლივი კომისიის მიერ განისაზღვრება კონკრეტული დრო და ქმედებები, თუ როდის და როგორ უნდა გადაიჭრას პრობლემა და აღმოიფხვრას ყველა დარღვევა“.