ნავთლუღის ბაზრის დირექტორი - ტარდება სადეზინფექციო სამუშაოები, თერმოსკრინინგი, ვიცავთ ყველა რეგულაციას
ნავთლუღის ბაზრის ტერიტორიაზე საბითუმო ვაჭრობა უკვე რამდენიმე დღეა, განახლდა.
კორონავირუსთან დაკავშირებით უსაფრთხოების წესების შესრულებას სავაჭრო ადმინისტრაციის წარმომადგენლები უზრუნველყოფენ.
ისინი მოქალაქეებს დისტანციის დაცვისკენ მოუწოდებენ.
ტერიტორიაზე შემსვლელ მანქანებსა და ე.წ. ურიკებს დეზინფექცია უტარდებათ.
აღნიშნულ ტერიტორიაზე, ჯერჯერობით მხოლოდ საბითუმო ვაჭრობაა დაშვებული.
მოვაჭრეებს რეკომენდაციების შესაბამისად მათთვის განკუთვნილ მაგიდებზე სადეზინფექციო ხსნარი აქვთ, ასევე აღჭურვილები არიან პირბადეებით, ხელთათმანებითა და ხალათებით.
როგორც ადმინისტრაციაში აცხადებენ, ტერიტორიაზე სადეზინფექციო სამუშაოები დღეში რამდენჯერმე ხორციელდება.
„შემოსასვლელში ხდება მოვაჭრის მანქანის შემოწმება. ჩვენი აგრარული ბაზარი გინდ დახურული იყოს, გინდა ღია, ხდება ჯვარედინი დაბინძურება. ამისთვის შემოსასვლელი იხაზება. შემოსასვლელი უნდა იყოს ცალკე და გასასვლელი უნდა იყოს ცალკე. შემოსასვლელში ხდება მოვაჭრის შემოწმება, დეზობარიერი არსებობს, სადაც შემომსვლელი მანქანის საბურავების დამუშავება ხდება, ასევე მოვაჭრის თერმოსკრინინგი და ვავსებთ ანკეტას. შემდეგ ხდება მათთვის პირბადის, ხელთათმანის, ხოლო როდესაც ხელთათმანს მოიხსნის, ხელების დამუშავება. ვიცავთ ყველა იმ რეგულაციას, რომელიც სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მოგვცა“, – განაცხადა ნავთლუღის ბაზრის დირექტორმა სულიკო ადუაშვილმა.