ნავთლუღის ბაზრის დირექტორი - ბაზარი გაიხსნება, როცა კორონავირუსის პრევენციის რეგულაციებს შევასრულებთ
ნავთლუღის აგრარული ბაზრის დირექტორის, სულიკო ადუაშვილის განცხადებით, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისთანავე, ბაზრის შესაძლო დაკეტვის თაობაზე ინფორმირებული იყვნენ.
მისივე თქმით, არსებობს კორონავირუსის პრევენციის მიზნით გაწერილი რეგულაციები, რომლის შესრულების შემდეგაც ბაზარი გაიხსნება.
„საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა თუ არა, მაშინვე ვიყავით ინფორმირებულები, რომ შესაძლოა, მომხდარიყო ბაზრის დაკეტვა. ეს ყველაფერი კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის ხდება. ბაზართან დაკავშირებით დიდი ხანია, გადმოგვეცა მთავრობისგან დადგენილება, სადაც მითითებულია ყველა ის რეგულაცია, რაც კორონავირუსის გავრცელებას აფერხებს. ბაზარი გაიხსენება მას შემდეგ, რაც აღნიშნულ რეგულაციებს განვახორციელებთ.
ჩვენ კომუნიკაცია გვაქვს სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან არსებული სურსათის ეროვნული სააგენტოს, უსაფრთხოების სამსახურის, ასევე მერიის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებთან. მოდიან, გვარიგებენ, რა უნდა გავაკეთოთ, დადგენილებებს გვაწვდიან და როდესაც კორონავირუსი გავრცელება აღარ იქნება მასშტაბური, გაიხსნება ბაზარი. არიან ადამიანები, ვისაც დიდი რაოდენობით აქვთ საქონელი აღებული, პროდუქტს მოვუვლით ყველანაირად. ბაზრის მოვაჭრეების დიდი ნაწილი გავიდა ზოგი სახლში, ზოგი სუპერმარკეტში, ზოგი სადღაც დაარიგებს და ა.შ. ჩვენი მხრიდან ხელშეწყობა იქნება ის, რომ მალე შევასრულოთ რეგულაციები და გავხსნათ ბაზარი“ , – განაცხადა ნავთლუღის აგრარული ბაზრის დირექტორმა.
თბილისში აგრარული ბაზრები დღეიდან, დროებით დაიკეტა.
აღნიშნულის თაობაზე გადაწყვეტილება კორონავირუსის პრევენციის მიზნით მიმდინარე ღონისძიებების ფარგლებში მიიღეს.
შესაბამისი რეკომენდაცია უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ გასცა.