ნავსი გატყდა - არველაძის გუნდმა შინაც მოიგო და ლიგაში ადგილი შეინარჩუნა #1TVSPORT
შოთა არველაძის „ჰალ სიტიმ“ საკუთარ სტადიონზე მოუგებელი სერია შეწყვიტა და „კარდიფ სიტისთან“ მნიშვნელოვან შეხვედრაში გაიმარჯვა.
ჩემპიონშიფის 42-ე ტურამდე შოთა არველაძის გუნდი გასავარდნ ზონასთან ახლოს იყო და „კარდიფთან“ საშინაო დაპირისპირებაში მოგება სჭირდებოდა. „ჰალმა“ თამაში შესანიშნავად დაიწყო და მატჩის სტარტზე ორბურთიანი უპირატესობით დაწინაურდა.
მე-8 წუთზე ირანელმა ლეგიონერმა ალაჰიარ საიადმანეშმა „ჰალ სიტი“ დააწინაურა, ხოლო მე-11 წუთისთვის ქართველის გუნდის უპირატესობა ლუი კოილმა გაზარდა. აღსანიშნავია, რომ შოთა არველაძემ სასტარტო შემადგენლობაში მხოლოდ ერთი ცვლილება შეიტანა და რაიან ლონგმანი სწორედ კოილით შეცვალა.
„კარდიფ სიტის“ მცდელობებიდან შედეგიანად მხოლოდ ერთი დასრულდა – 81-ე წუთზე ადენ ფლინტმა სხვაობა შეამცირა, მაგრამ „ჰალ სიტიმ“ მატჩი გამარჯვებამდე მიიყვანა 2:1.
შოთა არველაძის გუნდმა ამ მოგებით შინ 6-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა, 42-ე ტურის შემდეგ 47 ქულა დააგროვა და ჩემპიონშიფში მე-19 ადგილზეა. რაც მთავარია – ჩემპიონატის დასრულებამდე 4 ტურით ადრე ლიგაში ადგილი შეინარჩუნა. „ჰალ სიტიმი“ 2 ქულით გადაასწრო „ბირმინგემს“, რომელიც სახლში „ქოვენთრისთან“ 1:4 დამარცხდა.
აღსანიშნავია, რომ არველაძის ხელმძღვანელობით გუნდმა საშინაო არენაზე ბოლოს 29 იანვარს მოიგო და ისიც უელსელებთან – „სუონსი“ 2:0 დაამარცხა. მას შემდეგ გუნდმა გასვლაზე ბევრად მეტი ქულა დააგროვა, ვიდრე შინ.