ნავალნის გუნდის მოწოდების შემდეგ, რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების დასკვნით დღეს საარჩევნო უბნებზე შუადღიდან რიგები შეინიშნება
ნავალნის გუნდის მოწოდების შემდეგ, რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების დასკვნით დღეს საარჩევნო უბნებზე შუადღიდან რიგები შეინიშნება

„შუადღე პუტინის წინააღმდეგ“ – ნავალნის გუნდის მოწოდების შემდეგ, რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების დასკვნით დღეს საარჩევნო უბნებზე შუადღიდან რიგები შეინიშნება, ხალხმრავლობაა მოსკოვის, სანკტ-პეტერბურგის, ეკატერინბურგის და სხვა ქალაქების საარჩევნო უბნებზე, – ამის შესახებ სხვადასხვა მედიასაშუალება წერს.

რუსული ოპოზიციის აქცია ითვალისწინებს, საარჩევნო უბანზე ზუსტად შუადღეს ერთდროულად მისვლას, პუტინის წინააღმდეგ ხმის მიცემას ან ბიულეტენის გაფუჭებას.

მედიის ცნობით, მოქალაქეები საარჩევნო უბნებთან გრძელ რიგებში დგანან, ისინი მშვიდად არიან, არ უჭირავთ პლაკატები და არ სკანდირებენ ლოზუნგებს. ოპოზიციაში განმარტავენ, რომ ამგვარად ისინი არ მისცემენ სამართალდამცველებს დაკავების საბაბს.

საარჩევნო უბნებზე ერთდროულად მასობრივად მისვლისთვის მოსკოვის პროკურატურამ მოქალაქეები სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის შესახებ რამდენჯერმე გააფრთხილა. პროტესტის შესაბამისი ფორმისკენ მხარდამჭერებს გარდაცვლილი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის მეუღლემ მარტის დასაწყისში მოუწოდა.

„ჩვენ უნდა გამოვიყენოთ არჩევნების დღე, ვაჩვენოთ, რომ ვარსებობთ და ბევრნი ვართ, რომ ჩვენ ვართ ნამდვილი, ცოცხალი, რეალური ადამიანები და ჩვენ პუტინის წინააღმდეგ ვართ“, – განაცხადა იულია ნავალნაიამ.

დღეს რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნების დასკვნითი დღეა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ამომრჩეველთა აქტივობამ 60 პროცენტს გადააჭარბა.

მოსკოვში უკვე ამზადებენ სცენას არჩევნების შედეგების აღსანიშნავად. კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებებით, წინა ვადების ანულირების შემდეგ ვლადიმერ პუტინი მეხუთე ვადით იყრის კენჭს.