ნატო-სთან საქართველოს წარმომადგენელმა, ვიქტორ დოლიძემ იენს სტოლტენბერგთან შეხვედრა გამართა
ნატო-სთან საქართველოს წარმომადგენელმა, ვიქტორ დოლიძემ ნატო-ს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან შეხვედრა გამართა.
საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციით, საქართველოს ელჩმა მადლობა გადაუხადა გენერალურ მდივანს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის და ქვეყნის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის.
შეხვედრაზე საქართველოს ელჩმა მიმოიხილა ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმები, საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადება, საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების პრაქტიკული ასპექტები, შავი ზღვის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობა და ახლო მომავალში ოფიციალური ვიზიტების გამართვის შესაძლებლობა.
ვიქტორ დოლიძემ ნატო-ს გენერალურ მდივანს გადასცა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის წერილი, რომლითაც ქართულმა მხარემ ოფიციალურად გამოთქვა სურვილი ჩართულიყო ალიანსის გაძლიერების მიზნით დაწყებულ პროცესში „ნატო 2030“.
თავის მხრივ, ნატო-ს გენერალურმა მდივანმა მადლობა გადაუხადა ქართულ მხარეს ნატო-ს მისიებსა და ოპერაციებში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის.
იენს სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ საქართველო არის ალიანსის გამორჩეული პარტნიორი ქვეყანა, რომელთანაც მიმდინარეობს ინტენსიური პოლიტიკური და პრაქტიკული თანამშრომლობა და შემდგომი მხარდაჭერა აღუთქვა საქართველოს, ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე. მან ასევე ისაუბრა „ნატო 2030“ პროცესის მნიშვნელობაზე და სამომავლო გეგმებზე.
ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.