ნატო-ში უკრაინის ელჩი - ერთ კონტრშეტევას არ შეუძლია, განსაზღვროს მთელი ომის მიმდინარეობა, ახლა უფრო მნიშვნელოვანია, ვიფიქროთ რისი გაკეთება შეიძლება, რომ ეს კონტრშეტევა წარმატებული იყოს
ნატო-ში უკრაინის ელჩმა, ნატალია გალიბარენკომ მოკავშირეებს მოუწოდა, რომ ერთ კონტრშეტევაზე იმედები არ დაამყარონ. ამასთან აღნიშნა, რომ ქვეყნის შესაძლებლობა, განაგრძოს კონტრშეტევითი ოპერაციები საერთაშორისო მხარდაჭერაზეა დამოკიდებული.
„ერთ კონტრშეტევას არ შეუძლია, განსაზღვროს მთელი ომის მიმდინარეობა. შესაძლოა, რამდენიმე კონტრშეტევა იყოს საჭირო. ეს კონტრშეტევა მნიშვნელოვანი იქნება, მაგრამ მოდით, ზედმეტად ამაზე ყურადღებას ნუ გავამახვილებთ. ჩვენ ახლა ვსაუბრობთ საერთაშორისო პარტნიორებთან, გამოიჩინეთ მოთმინება. ახლა უფრო მნიშვნელოვანია, ვიფიქროთ, თუ რისი გაკეთება შეიძლება იმისთვის, რომ ეს კონტრშეტევა წარმატებული იყოს“,- აღნიშნა ნატალია გალიბარენკომ.
მისივე თქმით, რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებების წინაპირობებს ჯერ ვერ ხედავს.
„პუტინმა დიდი ხნის წინ გაგვაგებინა, როგორია მისი მოლაპარაკებების პოზიცია უკრაინასთან დაკავშირებით. მათ უნდათ ჩვენი განადგურება, ჩვენ გვინდა სიცოცხლე, ამიტომ მოძრაობისთვის ბევრ სივრცეს ვერ ვხედავ. იმის გათვალისწინებით, რომ ადრე თუ გვიან ეს ომი მოლაპარაკებების მაგიდასთან დასრულებულად გამოცხადდება, მიგვაჩნია, რომ მოლაპარაკებები უკრაინის პირობებით უნდა წარიმართოს“, – დასძინა უკრაინელმა დიპლომატმა.