ნატო-ში უკრაინის ელჩი აცხადებს, რომ კიევი ალიანსში მიწვევას ჯო ბაიდენის პრეზიდენტობის ვადის ამოწურვამდე ითხოვს
ნატო-ში უკრაინის ელჩი აცხადებს, რომ კიევი ალიანსში მიწვევას ჯო ბაიდენის პრეზიდენტობის ვადის ამოწურვამდე ითხოვს

ნატო-ში უკრაინის ელჩმა, ნატალია გალიბარენკომ განაცხადა, რომ კიევი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებისთვის ოფიციალურ მიწვევას ჯო ბაიდენის პრეზიდენტობის ვადის დასრულებამდე ითხოვს.

ამის შესახებ დიპლომატმა „როიტერთან“ ინტერვიუში განაცხადა.

ჯო ბაიდენის საპრეზიდენტო ვადა 20 იანვარს იწურება.

„ჩვენი იდეაა, რომ უკრაინის მიწვევა ამ მომენტში პოლიტიკური სიგნალია. ჩვენ გულწრფელად გვჯერა, რომ ეს შეიძლება გახდეს ამჟამინდელი ადმინისტრაციის მემკვიდრეობის ნაწილი“, – აცხადებს უკრაინელი დიპლომატი.

ნატო-ს წევრი ქვეყნების ლიდერებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ უკრაინა ალიანსის წევრი გახდება. თუმცა კონკრეტულად როდის და რა პირობებით მოხდება ეს, უცნობია.

„როიტერის“ ცნობით, ბაიდენის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა ჟურნალისტებისთვის ანონიმურ ბრიფინგზე გასულ კვირას დაადასტურა, რომ პოზიცია არ შეცვლილა.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ზაფხულში სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყების წინაპირობად უკრაინისთვის ნატო-ს წევრობაზე უარის თქმა დაასახელა; ასევე, ის ითხოვდა, აშშ-სა და ნატო-ს უარი ეთქვათ ალიანსში პოსტსაბჭოთა ქვეყნების მიღებაზე. ამ კონტექსტში კრემლი უკრაინასა და საქართველოს ასახელებდა.

„ჩვენ თუ ვიტყვით, რომ მიწვევა არსებობს, რუსეთის ფედერაციისთვის ეს იქნება, როგორც საბოლოო ვერდიქტი – ისეთი, რომ მორჩა, თქვენ აღარ შეგიძლიათ ფსონების გაზრდა ამ თემის წამოწევით“, – განაცხადა გალიბარენკომ „როიტერთან“ ინტერვიუში.