ნატო-ში გადაწყვეტილების მიღების მექანიზმის ცვლილებას განიხილავენ
ნატო-ში გადაწყვეტილების მიღების მექანიზმის ცვლილებას განიხილავენ

ნატო-ში გადაწყვეტილების მიღების მექანიზმის ცვლილებას განიხილავენ. ამის შესახებ საუბარია ექსპერტთა ჯგუფის მიერ მომზადებულ ანგარიშში, რომლის სახელწოდებაა „ნატო 2030“ და ის ალიანსის სამომავლო განვითარებისთვის რეკომენდაციებს აერთიანებს.

ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის ინიციატივით ჩამოყალიბებული სამუშაო ჯგუფის წევრების ანგარიშში სულ 138 პუნქტია.

ერთ-ერთი მათგანი ეხება ნატო-ში გადაწყვეტილების მიღების პროცესს. კერძოდ, ექსპერტები გამოდიან ინიციატივით, რომ ალიანსის ზოგიერთი წევრის მიერ ნატო-ს გადაწყვეტილების ბლოკირების შესაძლებლობა შეიზღუდოს.

მაგალითად, ცალკეულ მოკავშირეებს უსაფრთხოების სფეროში მიღებული საერთო გადაწყვეტილების დაბლოკვა არ უნდა შეეძლოთ. ასევე, აკრძალული უნდა იყოს გადაწყვეტილებების დაბლოკვა პოლიტიკური მოტივით.

ასეთი მექანიზმის შექმნის მიზეზი თურქეთისა და ნატო-ს უერთიერთობა გახდა. ალიანსსა და ანკარას შორის სადავო საკითხები ეხებოდა თურქეთის ქმედებებს ჩრდილოეთ სირიაში, ასევე თურქეთის მიერ რუსული სარაკეტო კომპლექსების „ეს-400“-ების შეძენას და ანკარას პოზიციას მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის გარშემო.

როგორც გერმანიისა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული, ნატო-ში გადაწყვეტილების მიღების პროცესის შესახებ დისკუსიის გააქტიურების მიზანი არის „ალიანსის პოლიტიკური შემადგენელი ნაწილის განმტკიცება“, ასევე 2010 წლის სტრატეგიის მოდერნიზაცია და ტრანსატლანტიკური თანამშრომლობის გამოცოცხლება.

„ჩვენ ევროპელები, ახლა მხოლოდ ამერიკას არ ვეკითხებით, თუ რისი გაკეთება შეუძლია მას ჩვენთვის, არამედ კითხვა შემდეგია – რა შეგვიძლია გავაკეთოთ ჩვენ თავად, რათა ჩვენი უსაფრთხოება განვამტკიცოთ და ტრანსატლანტიკურ ალიანსს უფრო დაბალანსებული სახე მივცეთ“, – ნათქვამია გერმანიისა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრების განცხადებაში.

შეგახსნებთ, რომ საექსპერტო ჯგუფს, რომელიც ნატო-ს სამომავლო სტრატეგიაზე და რეფორმაზე მუშაობდა, გერმანიის ყოფილი თავდაცვის მინისტრი თომას დე მაზიერი ხელმძღვანელობს, მის შემადგენლობაში არის ასევე აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ექსთანაშემწე უეს მიტჩელიც, რომლიც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში ევროპისა და ევრაზიის საკითხებზე მუშაობდა.