ნატო-ში აშშ-ის წარმომადგენლის განცხადებით, ამერიკა მიესალმება რუსეთ-თურქეთის შეთანხმების შედეგებს
ამერიკის შეერთებული შტატები ნატო-ს წევრ თურქეთსა და რუსეთს შორის მიღწეულ შეთანხმებაში საწინააღმდეგოს ვერაფერს ხედავს, – ეს განცხადება ნატო-ში ამერიკის შეერთებული შტატების მუდმივმა წარმომადგენელმა, კეი ბეილი ჰატჩინსონმა გააკეთა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
ჰატჩინსონს შეკითხვა ვლადიმერ პუტინსა და რეჯეფ თაიფ ერდოღანს შორის მიღწეულ შეთანხმებაზე დაუსვეს, რაზეც უპასუხა, რომ აშშ მიესალმება რუსეთ-თურქეთის შეთანხმების შედეგებს.
„კმაყოფილები ვართ იმით, რომ ძალადობა შეწყდა, ჩვენ ძალიან გვაწუხებდა ის, რაც ხდებოდა“, – განაცხადა ჰატჩინსონმა.
მისი თქმით, ამერიკა ყურადღებით აკვირდება სირიის ჩრდილოეთ რეგიონებში მიმდინარე მოვლენებს.
„გასულ წლებში სირიაში რუსეთის წარმომადგენლობის გაზრდა მისასალმებელი არ იყო. რუსები მხარს უჭერდნენ ასადს, რომელიც საკუთარ მოსახლეობას კლავდა, მათ შორის ქიმიური იარაღით. რუსეთს ამის შესაჩერებლად თითიც კი არ გაუნძრევია. იმედია ამ შეთანხმების შემდეგ რუსეთი ასადის შეჩერების ფუნქციას შეასრულებს“, – განაცხდა ჰატჩინსონმა.
სირიის საკითხზე რუსეთისა და თურქეთის პრეზიდენტებმა სოჭში შეხვედრა გამართეს. შეხვედრაზე მხარეები 10-პუნქტიან გეგმაზე შეთანხმდნენ.