ნატო-ში აშშ-ის ელჩი - თურქეთი ჩვენი მოკავშირეა, მრავალ სფეროში ერთ მხარეს ვართ, განსაკუთრებით სირიის საკითხში
თურქეთი ჩვენი მოკავშირეა, ჩვენ მრავალ სფეროში ერთ მხარეს ვართ, მაგრამ სირიის საკითხში განსაკუთრებით,- ამის შესახებ ნატო-ში აშშ-ის ელჩმა, ქეი ბეილი ჰათჩისონმა განაცხადა.
„შეშფოთებული ვართ იმ ყველაფრით, რასაც ასადი აკეთებს, თავს ესხმის იდლიბს, ამ ხალხს იდლიბში“, – განაცხადა ელჩმა.
კითხვაზე, განიხილავს თუ არა აშშ თურქეთის მხარდაჭერას სამხედრო ან სადაზვერვო კუთხით, ელჩი აცხადებს, რომ ვითარება ძალიან რთულია და ამ საკითხზე ვაშინგტონში აუცილებლად იმსჯელებენ.
„ეს, რა თქმა უნდა, განიხილება. ძალიან რთული ვითარებაა. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ რუსეთისა და სირიის, სირიის რეჟიმის, ასადის წინააღმდეგ დავდგეთ“,- განაცხადა ნატო-ში აშშ-ის ელჩმა.
იდლიბში თურქი სამხედროების კოლონაზე სირიის ავიაციის მიერ განხორციელებული საჰაერო თავდასხმის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვმა 33-ს მიაღწია. დაშავებულია 35-ზე მეტი სამხედრო. თავდასხმა თურქულ კოლონაზე რამდენიმე საათის წინ მოხდა. მომხდარის საპასუხოდ, თურქეთმა სირიის სამთავრობო პოზიციებზე იერიშის მიტანა დაიწყო.