ნატო-ში აშშ-ის ელჩი აცხადებს, რომ წელს, ვაშინგტონის სამიტზე უკრაინა ალიანსში გაწერვიანების მიწვევას, სავარაუდოდ, ვერ მიიღებს
ნატო-ში აშშ-ის ელჩი ჯულიან სმიტი ამბობს, რომ წელს, ვაშინგტონში დაგეგმილ ნატო-ს სამიტზე უკრაინა ალიანსში გაწერვიანების მიწვევას, სავარაუდოდ, ვერ მიიღებს.
„რაც შეეხება ამ ზაფხულში დაგეგმილ ნატო-ს სამიტს, არ ველოდები, რომ ამ ეტაპზე ალიანსისგან მიწვევა იქნება“, – განაცხადა სმიტმა.
ნატო-ში აშშ-ის ელჩის განცხადებით, ის ელოდება, რომ, სანაცვლოდ, მოკავშირეები შეძლებენ, უკრაინასთან ალიანსის დაახლოების გაგრძელების შესახებ მკაფიო გზავნილი გააკეთონ.
სმიტის თქმით, გასულ წელს ვილნიუსში ნატო-ს სამიტზე მოკავშირეებმა ძალიან მკაფიოდ განაცხადეს, რომ უკრაინის მომავალი ნატო-შია.
„ჩვენ ვაგრძელებთ ფოკუსირებას, პირველ რიგში, მათ მხარდაჭერაზე მიმდინარე ბრძოლაში და ბრძოლის ველზე მათი გამარჯვების უზრუნველსაყოფად“, – დასძინა ნატო-ში აშშ-ის ელჩმა.