ნატო-ში ამერიკის ელჩი - აშშ მხარს უჭერს თურქეთს და რუსეთს მოუწოდებს, უარი თქვას დიქტატორ ბაშარ ასადის რეჟიმის მხარდაჭერაზე
სირიაში, იდლიბის პროვინციაში განვითარებული მოვლენების ფონზე ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს თურქეთს და რუსეთს მოუწოდებს, უარი თქვას დიქტატორ ბაშარ ასადის რეჟიმის მხარდაჭერაზე. ეს განცხადება ნატო-ში ამერიკის ელჩმა, კეი ბეილ ჩატჩისონმა გააკეთა.
„შემაშფოთებელია, რომ რუსეთი სირიელ დიქტატორს მხარს უჭერს. ისინი თურქებს ესხმიან თავს, თურქ სამხედროებს და ეს დაუშვებელია“, – განაცხადა ელჩმა.
ელჩის თქმით, თურქეთი ამერიკის მოკავშირეა და ის ტერორიზმის წინააღმდეგ იბრძვის.
თურქეთსა და სირიას შორის ურთიერთობა განსაკუთრებით 2 თებერვლის შემდეგ დაიძაბა, როდესაც სირიის არმიის დაბომბვის შედეგად, იდლიბის პროვინციაში თურქეთის არმიის ხუთი ჯარისკაცი და სამოქალაქო პერსონალის სამი წევრი დაიღუპა. საპასუხოდ, თურქეთმა სირიის არმიის პოზიციებზე იერიში არტილერიითა და სამხედრო ავიაციით მიიტანა.