ნატო-საქართველოს თანამშრომლობის ფორმატში, ნატო-ს სამხედრო კომიტეტი სხდომას მართავს [ფოტო]
ნატო-საქართველოს თანამშრომლობის ფორმატში, ნატო-ს სამხედრო კომიტეტი სხდომას მართავს.
სესიას უძღვებიან საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია და ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე, ავიაციის მთავარი მარშალი სერ სტიუარტ პიჩი. ნატო-ს სამხედრო კომიტეტის წევრები რეგიონში არსებულ უსაფრთხოების მდგომარეობას ეცნობიან და შავი ზღვის რეგიონში არსებული ვითარების შესახებ მსჯელობენ.
ნატო-ს სამხედრო კომიტეტი საქართველოს ორდღიანი ვიზიტით დღეს ეწვია.
ვიზიტის მეორე დღეს ნატო-ს სამხედრო კომიტეტი ვაზიანის სამხედრო ბაზას ესტუმრება და საბრძოლო მომზადების ცენტრს (CTC) მოინახულებს. დელეგაციის წევრები საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამასაც (GDRP) გაეცნობიან. ნატო-ს სამხედრო წარმომადგენლები საქართველოში ვიზიტს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC) სტუმრობით დაასრულებენ, სადაც „ნატო-საქართველოს ერთობლივ სწავლებას 2019“ დააკვირდებიან.
ნატო-ს სამხედრო კომიტეტი საქართველოს მესამედ სტუმრობს. უწყება ნატო-ს უმაღლეს სამხედრო ორგანოს წარმოადგენს, რომელიც ჩრდილოატლანტიკური საბჭოს პოლიტიკურ ხელმძღვანელობას ექვემდებარება. სამხედრო კომიტეტი ადგენს ინსტრუქციებს ნატო-ს პოლიტიკური სტრუქტურებისათვის სამხედრო სტრატეგიასთან დაკავშირებით და პასუხისმგებელია ალიანსის სამხედრო საქმიანობაზე.
სამხედრო კომიტეტი აფასებს ნატო-სთვის შესაძლო საფრთხის შემცველი ქვეყნების სამხედრო ძლიერებასა და შესაძლებლობებს. საომარი მდგომარეობის, კრიზისული სიტუაციების ან ალიანსის სამშვიდობო-სამხედრო ოპერაციების დროს მას ევალება მოხსენებებისა და რეკომენდაციების წარდგენა ჩრდილოატლანტიკური საბჭოსა და ბირთვული დაგეგმვის ჯგუფისთვის. აღსანიშნავია, რომ სამხედრო კომიტეტი შეიმუშავებს დირექტივებს ნატო-ს სამხედრო სარდლობებისათვის, ასევე აწარმოებს მოლაპარაკებებს საერთო უსაფრთხოების, თავდაცვისა და კრიზისების მართვის საკითხებზე ევროკავშირის სამხედრო კომიტეტის წარმომადგენლებთან.