ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსს და რუსეთს შორის დღეს მოლაპარაკებები გაიმართება. ნატო-ს და რუსეთის დიპლომატები ერთმანეთს ბოლო 18 თვის განმავლობაში პირველად შეხვდებიან.
მოლაპარაკებებზე რუსეთის დელეგაციას ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე გრუშკო უხელმძღვანელებს, რომელმაც შეხვედრას რუსეთის და ნატო-ს ურთიერთობებში „გარდამტეხი მომენტი“ უწოდა.
რუსეთის ხელისუფლება ითხოვს გარანტიებს, რომ უკრაინა და საქართველო ნატო-ში არ გაწევრიანდებიან და ალიანსი 2008 წლის ბუქარესტის გადაწყვეტილებას შეცვლის. ბრიუსელში ამბობენ, რომ ალიანსის ღია კარის პოლიტიკაზე ვეტოს უფლება არც ერთ ქვეყანას არ აქვს და ნატო-ს გაფართოება მხოლოდ სუვერენული ქვეყნების და ალიანსის წევრების გადასაწყვეტია. ალექსანდრე გრუშკოს განცხადებით, მოსკოვი ნატო-სგან ყოვლისმომცველი პასუხის მიღებას მოითხოვს.