ნატო-ს ვაშინგტონის სამიტის დეკლარაცია - მოვუწოდებთ რუსეთს, გაიყვანოს თავისი ძალები მოლდოვიდან და საქართველოდან
გამოქვეყნდა ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომის მონაწილე სახელმწიფოთა და მთავრობათა მეთაურების ვაშინგტონის სამიტის დეკლარაცია, რომელშიც საქართველოზეც არის საუბარი.
„ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, გაიყვანოს თავისი ძალები მოლდოვიდან და საქართველოდან, რომლებიც მათი თანხმობის გარეშეა განლაგებული“, – აღნიშნულია დეკლარაციის მე-17 პუნქტში.
ამასთან, დოკუმენტში დასავლეთ ბალკანეთისა და შავი ზღვის რეგიონებზე საუბრისას ხაზგასმულია, რომ ნატო მხარს უჭერს ამ რეგიონების ქვეყნების ევროატლანტიკურ მისწრაფებებს.
დეკლარაციის თანახმად, აღნიშნული რეგიონები ალიანსისთვის სტრატეგიული მნიშვნელობისაა და ნატო რჩება მათი უსაფრთხოებისა და სტაბილურობის ერთგული.
„გავაგრძელებთ ჩვენი პოლიტიკური დიალოგისა და პრაქტიკული თანამშრომლობის გაღრმავებას დასავლეთ ბალკანეთთან, რათა მხარი დავუჭიროთ რეფორმებს, რეგიონულ მშვიდობასა და უსაფრთხოებას, დავუპირისპირდეთ მავნე ზემოქმედებას, მათ შორის, დეზინფორმაციას, ჰიბრიდულ და კიბერსაფრთხეებს როგორც სახელმწიფო, ისე არასახელმწიფო აქტორების მხრიდან. დემოკრატიული ფასეულობები, კანონის უზენაესობა, საშინაო რეფორმები და კეთილმეზობლური ურთიერთობები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია რეგიონული თანამშრომლობისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის. ჩვენ ველოდებით ამ კუთხით პროგრესის გაგრძელებას.
ჩვენ ვადასტურებთ მუდმივ მხარდაჭერას მოკავშირეთა რეგიონული ძალისხმევის მიმართ, რომელიც მიზნად ისახავს უსაფრთხოების, სტაბილურობისა და თავისუფალი ნაოსნობის დაცვას შავი ზღვის რეგიონში, მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში, 1936 წლის მონტრეს კონვენციის მეშვეობით. მივესალმებით შავი ზღვის სამი მოკავშირე ქვეყნის (თურქეთი, ბულგარეთი, რუმინეთი) მიერ შავი ზღვის განაღმვითი სამუშაო ჯგუფის გააქტიურებას. გავაგრძელებთ რეგიონში განვითარებული მოვლენების მონიტორინგსა და შეფასებას, უფრო გავაძლიერებთ ჩვენს სიტუაციურ ცნობიერებას, განსაკუთრებით, ფოკუსირებული ვიქნებით ჩვენი უსაფრთხოების მიმართ არსებულ საფრთხეებსა და საშიშროების შემთხვევაში რეგიონში ჩვენს პარტნიორებთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობის პოტენციურ შესაძლებლობებზე. ნატო მხარს უჭერს ამ რეგიონში დაინტერესებული ქვეყნების ევროატლანტიკურ მისწრაფებებს“, – ვკითხულობთ დეკლარაციაში.