ნატო-ს თავდაცვის მინისტრები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ - ალიანსი ერთგული რჩება ფუნდამენტური პრინციპების, მათ შორის იმის, რომ თითოეულ ქვეყანას აქვს უფლება, აირჩიოს უსაფრთხოების მექანიზმები
ნატო-ს წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მკაცრად მოუწოდებენ რუსეთს, აირჩიოს დიპლომატიის გზა, დაუყოვნებლივ გაიყვანოს თავისი ძალები უკრაინიდან, საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად.
„ჩვენ ღრმად შეშფოთებული ვართ რუსეთის ძალზე ფართომასშტაბიანი, არაფრით პროვოცირებული და უსაფუძვლო სამხედრო ფორმირებით უკრაინის გარშემო და ბელარუსში. ჩვენ მკაცრად მოვუწოდებთ რუსეთს, აირჩიოს დიპლომატიის გზა, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს თავმოყრა და გაიყვანოს თავისი ძალები უკრაინიდან, საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად. ჩვენ ვრჩებით რუსეთის მიმართ ორმხრივი მიდგომის ერთგული: ძლიერი შეკავება და თავდაცვა შერწყმული დიალოგისადმი ღიაობასთან.
რუსეთის ქმედებები სერიოზულ საფრთხეს უქმნის ევროატლანტიკურ უსაფრთხოებას. შედეგად და ყველა მოკავშირის თავდაცვის უზრუნველსაყოფად, ჩვენ განვათავსებთ დამატებით სახმელეთო ძალებს ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილში, ასევე დამატებით საზღვაო და საჰაერო საშუალებებს, როგორც ამის შესახებ მოკავშირეებმა განაცხადეს და გავზრდით ჩვენი ძალების მზადყოფნას. ჩვენი ზომები არის და რჩება პრევენციული, პროპორციული და არაესკალაციური. ჩვენ მზად ვართ, კიდევ უფრო გავაძლიეროთ ჩვენი თავდაცვითი და შემაკავებელი პოზიცია, რათა ვუპასუხოთ ყველა გაუთვალისწინებელ შემთხვევას.
ჩვენი ვალდებულება ვაშინგტონის ხელშეკრულების მე-5 მუხლის მიმართ არის ურყევი. ერთიანი ვართ ერთმანეთის დასაცავად.
ნატო რჩება ევროპული უსაფრთხოების ფუნდამენტური პრინციპების ერთგული. მათ შორის იმის, რომ თითოეულ ქვეყანას აქვს უფლება, აირჩიოს საკუთარი უსაფრთხოების მექანიზმები. ჩვენ ვადასტურებთ ჩვენს მხარდაჭერას უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, რუსეთის ნებისმიერ შემდგომ აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ მასშტაბური შედეგები მოჰყვება და ძვირი დაუჯდებათ. ნატო გააგრძელებს მჭიდრო კოორდინაციას შესაბამის დაინტერესებულ მხარეებთან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან, მათ შორის ევროკავშირთან.
ნატო და მოკავშირეები ევროატლანტიკური უსაფრთხოების საკითხებზე აგრძელებენ დიპლომატიას და დიალოგს რუსეთთან, მათ შორის უმაღლეს დონეზე. ჩვენ მხარს ვუჭერთ ყველა ამ ძალისხმევას და ნორმანდიულ ფორმატში ძალისხმევას მინსკის შეთანხმებების განსახორციელებლად. ჩვენ გამოვთქვით მზაობა, ჩავერთოთ განახლებულ ევროპული უსაფრთხოების დიალოგში, რომელიც ინიცირებულია პოლონეთის როგორც ეუთო-ს ამჟამინდელი თავმჯდომარის მიერ. ჩვენ რუსეთს არსებითი წინადადებებით მივმართეთ, ევროატლანტიკურ რეგიონში ყველა ერის უსაფრთხოების გაძლიერების შესახებ და ველოდებით პასუხს. არაერთხელ შევთავაზეთ და ვაგრძელებთ შეთავაზებას შემდგომ დიალოგზე ნატო-რუსეთის საბჭოს საშუალებით და მზად ვართ, ჩავერთოთ. ჩვენ მტკიცედ მოვუწოდებთ რუსეთს, უპასუხოს და აირჩიოს დიპლომატია და დეესკალაცია“, – აღნიშნულია განცხადებაში.