ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი - ნატო-ში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების გახსნამდე უკრაინამ ტერიტორიებზე სუვერენიტეტი უნდა აღადგინოს
ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი - ნატო-ში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების გახსნამდე უკრაინამ ტერიტორიებზე სუვერენიტეტი უნდა აღადგინოს

ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის, კონგრესმენ ჯერი კონოლის თქმით, უკრაინასთან ნატო-ში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნამდე ამ ქვეყანამ თავის ტერიტორიებზე სუვერენიტეტი უნდა აღადგინოს. ამის შესახებ კონოლიმ „რადიო თავისუფლებასთან“ ინტერვიუში ისაუბრა.

კითხვაზე, რატომ არ უგზავნის ნატო უკრაინას მიწვევას, ისე როგორც ეს პრეზიდენტ ზელენსკის „გამარჯვების გეგმის“ პირველივე პუნქტშია გაწერილი, ჯერი კონოლი აცხადებს, რომ ამის მიზეზი უკრაინაში ომია.

„ვფიქრობ, ჩვენ უნდა მოვაგვაროთ ეს, უნდა აღვადგინოთ უკრაინის სუვერენიტეტი მის ტერიტორიებზე და შემდეგ უზრუნველვყოთ, რომ ნატო-სკენ გზა ღიაა. მიმაჩნია, რომ ნატო-მ და ჩემმა ქვეყანამ, აშშ-მა ძალიან მკაფიოდ განსაზღვრეს, რომ მიესალმებიან უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების იდეას, რასაც ჩვენ ამ წევრობისკენ „გარდაუვალ გზად“ მოვიხსენიებთ. მესმის ეს მოუთმენლობა და სიჩქარე უკრაინელების მხრიდან, რომ ჯერ კიდევ გუშინვე სურდათ ნატო-ს წევრობა. მაგრამ რთული და ტრაგიკული ვითარება გვაქვს უკრაინის ტერიტორიაზე. ეს რუსული ჯარებია და რუსული ოკუპაცია. ეს უნდა მოგვარდეს“, – განაცხადა ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა.

კონოლის მიაჩნია, რომ უკრაინა მთლიანი ტერიტორიით უნდა შევიდეს ნატო-ში.

„ვიტყოდი, რომ ეს საუკეთესო გზაა. არის თუ არა ეს ერთადერთი გზა? ალბათ არა. ჩვენ არ ვიცით, თუ როგორი შედეგი ექნება ამ ბრძოლას. ვიცით, როგორი გვსურს. სწორედ ამიტომ ნატო-მ და აშშ-ის მთავრობამ მობილიზება გაუკეთეს უზარმაზარ რესურსებს და დაამყარეს პარტნიორობა უკრაინაში ჩვენს დებსა და ძმებთან, რათა მათ შეძლონ წინააღმდეგობის გაწევა და სუვერენიტეტის აღდგენა მთელ ტერიტორიაზე“, – აღნიშნა ამერიკელმა კონგრესმენმა.

რაც შეეხება მოლოდინს, რომ პრეზიდენტი ჯო ბაიდენი უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე შესთავაზებს უკრაინაში ნატო-ში გაწევრიანებას, ჯერი კონოლი აღნიშნავს, რომ ჯო ბაიდენი სიმპათიით არის განწყობილი უკრაინის მისწრაფებების მიმართ, მათ შორის, ნატო-ს წევრობისკენ და პოზიტიური დამოკიდებულება ექნება, თუმცა კონკრეტულ გადაწყვეტილებას ნატო-ს მოკავშირეებთან კონსულტაციის გარეშე არ მიიღებს, რადგან ეს შეუძლებელია.

„ის ფოკუსირებულია პრიორიტეტებზე. მთავარი პრიორიტეტი კი უკრაინის ტერიტორიაზე რუსული ძალადობის დასრულება, პრეზიდენტ ზელენსკის, უკრაინის არმიის, უკრაინელი ხალხის მხარდაჭერაა ამ ბრძოლის მოსაგებად.  ჩემი აზრით, ეს უნდა იყოს მთლიანი უკრაინა, მათ შორის, აღმოსავლეთ უკრაინა, სამხრეთ უკრაინა და ყირიმი“, – განაცხადა კონგრესმენმა.