ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე რუმინეთის დელეგაციის ხელმძღვანელი - საქართველო, რაც შეიძლება მალე უნდა გახდეს ნატო-ს წევრი
ჩემი და ჩემი კოლეგების პოზიცია უცვლელია, ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას, – ამის შესახებ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე რუმინეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა, ატილა ლასზლომ მადრიდში, ქართველ კანონმდებლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
„ქართველ კოლეგებთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ შავი ზღვის უსაფრთხოებაზე და იამზე, თუ რამდენად დიდი და სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს შავი ზღვის რეგიონს მსოფლიოსთვის. ამავდროულად, ვისაუბრეთ რუმინეთის მაგალითზე და ჩვენს გამოცდილებაზე. რუმინეთმა საკმაოდ დიდი გზა გაიარა ნატო-სა და ევროკავშირის წევრობამდე. ეს არ არის იოლი გზა. მაგრამ დღევანდელმა კონფლიქტმა დაგვანახა, რომ ეს აუცილებელია. ამიტომ ჩვენი დიდი სურვილია, რომ საქართველო, რაც შეიძლება მალე გახდეს ნატო-ს წევრი“,- განაცხადა ატილა ლასზლომ.