ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე - ალიანსის ქვეყნები რუსეთთან პოტენციური პირდაპირი შეტაკებისთვის მზად არიან
ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ქვეყნები რუსეთთან პოტენციური პირდაპირი შეტაკებისთვის მზად არიან, – ამის შესახებ ამის შესახებ ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარემ, ადმირალმა რობ ბაუერმა განაცხადა.
ნატო-ს სამხედრო მაღალჩინოსნის თქმით, ნატო-მ უსაფრთხოების ვითარების ცვალებადობა ჯერ კიდევ 2014 წელს, რუსეთის მიერ ყირიმის ოკუპაციის შემდეგ გააცნობიერა, რის შემდეგაც შეიცვალა თავდაცვის სტრატეგია, ოპერატიული დაგეგმვა და ყველა ამ ამოცანის შესასრულებლად საჭირო ძალები.
„მზად ვართ? პასუხია – დიახ. ეს არის ჩვენი მთავარი მიზანი, ვიყოთ მზად. თუ ეს დღეს მოხდება, მაშინ მოგვიწევს ბრძოლა იმით, რაც გვაქვს. ეს ყოველთვის არის დღევანდელი დღისთვის მომზადების და მომავლის შესაძლებლობების გაუმჯობესების ერთობლიობა“, – განაცხადა რობ ბაუერმა.
ნატო-ს სამხედრო კომიტეტის ხელმძღვანელის თქმით, ომს ასევე აქვს სხვა განზომილებები, როგორიცაა კიბერსივრცე ან თავდასხმები კოსმოსში და რუსეთს ასევე აქვს არქტიკაზე, დასავლეთ ატლანტის ოკეანეში, აფრიკაში, ხმელთაშუა ზღვაზე, შავ ზღვაზე გავლენის მოხდენის გზები.
„მხოლოდ აღმოსავლეთ ფლანგზე ფოკუსირება სისულელე იქნებოდა, რადგან რუსები მხოლოდ იქ არ არიან. ისინი ყველგან არიან. ამიტომაც ნატო მუდმივად აკვირდება მათ ქმედებებს და საჭიროების შემთხვევაში რეაგირებს“, – აღნიშნა რობ ბაუერმა.