ნატო-ს სამხედრო კომიტეტის ხელმძღვანელი - ნატო-სა და საქართველოს უნიკალური პარტნიორობა აკავშირებთ
საქართველოში ნატო-ს სამხედრო კომიტეტის მეოთხე ვიზიტი კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს მიმართ ნატო-ს ურყევ მხარდაჭერას. ნატო-სა და საქართველოს აკავშირებთ უნიკალური პარტნიორობა, რომელიც დროთა განმავლობაში კიდევ უფრო ძლიერდება, – განაცხადა ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარემ, ადმირალმა რობ ბაუერმა საქართველოს თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძესთან შეხვედრის შემდეგ.
მან ნატო-საქართველოს შორის არსებულ მჭიდრო კავშირებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პარტნიორობა ყოველთვის ორმხრივად სასარგებლო იყო. ამ კუთხით მან ავღანეთის მისიაში, საქართველოს, როგორც ნატო-ს არაპარტნიორ ქვეყნებს შორის, ყველაზე დიდ კონტრიბუტორზე გაამახვილა ყურადღება.
ადმირალმა ხაზგასმით აღნიშნა სამშვიდობო მისიაში საქართველოს მიერ გაღებული მსხვერპლი. ადმირალმა რობ ბაუერმა საქართველოს ნატო-ს კოსოვოს მისიაში, ასევე ნატო-ს სწრაფი რეაგირების ძალების საქმიანობაში ჩართულობაზეც ისაუბრა. მან განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო „ნატოს-საქართველოს არსებითი პაკეტის“ განხორციელების საკითხებს.
მისივე განმარტებით, ამ კონტექსტით ნატო-საქართველოს თანამშრომლობა კიდევ უფრო ინტენსიური ხდება, არა მხოლოდ საზღვაო სივრცეში, არამედ საჰაერო, სახმელეთო და კიბერუსაფრთხოების მიმართულებით.
ასევე, დადებითად შეაფასა ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნებისა და შეფასების ცენტრის საქმიანობა, როგორც მრავალეროვნული სწავლებების შესაძლებლობების განვითარების საშუალება. ნატოს სამხედრო კომიტეტის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ ნატო გააგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას.
ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.