ნატო-ს სამხედრო კომიტეტის ხელმძღვანელი - არ არსებობს ნიშნები, რომ რუსეთი ნატო-ს ერთ-ერთ ქვეყანაში შეჭრას გეგმავს
არ არსებობს ნიშნები იმისა, რომ რუსეთი გეგმავს შეჭრას ნატო-ს ერთ-ერთ ქვეყანაში, – ამის შესახებ ნატო-ს სამხედრო კომიტეტის ხელმძღვანელმა, ადმირალმა რობ ბაუერმა ლატვიაში ვიზიტის დროს განაცხადა.
ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამხედრო მაღალჩინოსნის თქმით, ნატო-ზე რუსეთის თავდასხმის პირდაპირი საფრთხე არ არსებობს.
„პრობლემა ის არის, რომ რუსეთის ამბიციები უკრაინის ფარგლებს გარეთაც ვრცელდება. ჩვენ ეს ვიცით, ამიტომ ალიანსი მთლიანობაში უფრო მომზადებული უნდა იყოს“, – განაცხადა რობ ბაუერმა.
კითხვაზე, მიიჩნევს თუ არა ნატო საფრთხედ, თუ რუსეთის ფედერაცია პირდაპირ არ დაესხმება თავს ბალტიისპირეთის ერთ-ერთ ქვეყანას, არამედ გამოიყენებს ე.წ. „სეპარატისტებს“, ნატო-ს ადმირალმა აღნიშნა, რომ, ალიანსის ხელშეკრულების მე-3 მუხლის მიხედვით, თითოეულ ქვეყანას უნდა შეეძლოს თავის დაცვა.
ამასთანავე, რობ ბაუერმა განაცხადა, რომ კიბერაქტივობაც კი სხვა სახელმწიფოს მხრიდან არის საკმარისი მიზეზი ალიანსის მე-5 მუხლის გასააქტიურებლად და მე-5 მუხლის გამოყენება შესაძლებელია არამხოლოდ პირდაპირი თავდასხმის შემთხვევაში. ნატო-ს ხელშეკრულების მე-5 მუხლის თანახმად, თავდასხმა ერთ მოკავშირეზე განიხილება თავდასხმად მთელ ალიანსზე.