ნატო-ს სამიტთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტი განცხადებას მიიღებს
14 ივნისს ბრიუსელში ნატო-ს სამიტი უნდა გაიმართოს, ერთად მოვამზადეთ პარლამენტის სახელით განცხადება, რომელიც არის მრავალპარტიული, ხაზს უსვამს იმ დიდ პოლიტიკურ მხარდაჭერას, რომელიც პარლამენტში აქვს ჩვენს ნატო-ში წევრობას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა.
როგორც კახა კუჭავამ აღნიშნა განცხადებაში თავმოყრილია, ყველა ის საკითხი, რომელიც მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის.
„აქ არის ჩამონათვალი ნატო-ს წევრობა რამდენად მნიშვნელოვანია და როგორ ეროვნულ ინტერესს წარმოადგენს ჩვენთვის. მშვიდობიანი, სტაბილური, დემოკრატიული და თავისუფალი ევროპისთვის რამდენად მნიშვნელოვანია ეს ფორმატი, განსაკუთრებით საქართველოსთვის. ნატო-სა და მის წევრებს მადლობას ვუხდით საქართველოსადმი გაწეული მხარდაჭერისათვის. ხაზს ვუსვამთ პარტნიორობის გაძლიერებას დემოკრატიული რეფორმების მხარდასაჭერად, აგრეთვე მზარდი ჰიბრიდული საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლაში. ხაზს ვუსვამთ შავი ზღვის უსაფრთხოებისთვის თანამშრომლობის გაღრმავებას. ვაცხადებთ, რომ ნატო-ში საქართველოს წევრობით შესაძლებელი იქნება, ევროატლანტიკური სივრცის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის კიდევ უფრო გაძლიერება. ხელმოწერით, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ ყველა იმ ჩვენ მეგობარსა და პარტნიორს, რომლებიც აკვირდებიან მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს, ვეუბნებით და ხაზს ვუსვამთ, რომ მიუხედავად ხშირ შემთხვევაში ფუნდამენტური განსხვავებისა, არის საკითხები, რომლის გარშემოც ვერთიანდებით და ერთობლივი ძალით მივდივართ წინ“, – განცხადა კუჭავამ.
მისივე თქმით, ხვალ, პლენარული სესიის მსვლელობის დროს ეს დოკუმენტი იქნება წარდგენილი რუსთაველის დარბაზში და ნებისმიერ დეპუტატს, ისევე როგორც პოლიტიკური ჯგუფის სახელით, ასევე ინდივიდუალურად, საშუალება ექნება ხელი მოაწეროს.
„ამით კიდევ ერთხელ ვაჩვენოთ ერთობა იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც წარმოადგენს ჩვენი ხალხის არჩევანს და ნამდვილად არის ის, რის გარშემოც შეგვიძლია გავერთიანდეთ. ამიტომ ყველას მოგიწოდებთ, დღის განმავლობაში გახსნილი იქნება ყველასთვის ეს დოკუმენტი, მივიდეთ და კიდევ ერთხელ დავაფიქსიროთ ჩვენი ერთიანი პოლიტიკური ნება ამ საკითხთან დაკავშირებით“, – განაცხადა კახა კუჭავამ.