ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრები უკრაინის გრძელვადიან სამხედრო მხარდაჭერაზე იმსჯელებენ
ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრები უკრაინის გრძელვადიან სამხედრო მხარდაჭერაზე იმსჯელებენ

ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრები დღეს ბრიუსელში უკრაინის გრძელვადიან სამხედრო მხარდაჭერაზე იმსჯელებენ.

როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, ორდღიან მინისტერიალზე განიხილება უკრაინის დახმარებისთვის 100 მილიარდი ევროს ოდენობის ხუთწლიანი ფონდის შექმნის წინადადება.

აღნიშნული გეგმა მოიაზრება, როგორც კიევისთვის დახმარების გარანტია იმ შემთხვევისთვის, თუ დონალდ ტრამპი აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვებს. მედიის ცნობით, იენს სტოლტენბერგის ინიციატივა გააძლიერებს ნატო-ს როლს უკრაინისთვის იარაღისა და აღჭურვილობის მიწოდების კოორდინაციაში, რამშტაინის ჯგუფის ფარგლებში.

როგორც „როიტერი“ წერს, აქამდე ნატო, როგორც ორგანიზაცია, ფოკუსირებული იყო უკრაინისთვის არალეტალური იააღის მიწოდებაზე, რადგან არსებობს საშიშროება, რომ მისი უფრო პირდაპირი როლი უკრაინისთვის იარაღის მიწოდებაში, გამოიწვევს რუსეთთან დაძაბულობის ესკალაციას. ნატო-ს წევრმა ქვეყნებმა უკრაინას მილიარდობით დოლარის ღირებულების ლეტალური იარაღი ორმხრივი შეთანხმებების საფუძველზე მიაწოდეს.

მედიასაშუალებასთან საუბარში დიპლომატები აღნიშნავენ, რომ ინიციატივის განხილვა ჯერ საწყის ეტაპზეა და გაურკვეველია, 100 მილიარდი ევროს ოდენობის თანხაზე იქნება თუ არა შეთანხმება და საიდან მოხდება ამ თანხის გამოყოფა. ნატო-ში გადაწყვეტილების მისაღებად საჭიროა ალიანსის 32 წევრის კონსენსუსი.

ორდღიან მინისტერილზე ასევე აღნიშნავენ ნატო-ს დაარსების 75 წლისთავს და განიხილავენ ივლისში ვაშინგტონში დაგეგმილი სამიტისთვის მზადების საკითხებს.