ნატო-ს პრესსპიკერი - ვგმობთ რუსეთის თავდასხმებს უკრაინაში და დუნაის გასწვრივ, ნატო-ს არ აქვს ინფორმაცია, რომელიც მიუთითებს ალიანსის მოკავშირეების წინააღმდეგ განზრახ თავდასხმაზე
ნატო-ს პრესსპიკერი - ვგმობთ რუსეთის თავდასხმებს უკრაინაში და დუნაის გასწვრივ, ნატო-ს არ აქვს ინფორმაცია, რომელიც მიუთითებს ალიანსის მოკავშირეების წინააღმდეგ განზრახ თავდასხმაზე

ნატო-ს არ აქვს ინფორმაცია, რომელიც მიუთითებს რუსეთის მხრიდან რაიმე განზრახ თავდასხმაზე მოკავშირეების წინააღმდეგ, – ამის შესახებ ნატო-ს პრესსპიკერმა, დილან უაითმა რუმინეთში რუსული უპილოტო თვითმფრინავის ჩამოვარდნასთან დაკავშირებით განაცხადა.

„ჩვენ მკაცრად ვგმობთ რუსეთის თავდასხმებს სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე უკრაინაში და დუნაის გასწვრივ. ნატო-ს არ აქვს ინფორმაცია, რომელიც მიუთითებს რუსეთის მხრიდან რაიმე განზრახ თავდასხმაზე მოკავშირეების წინააღმდეგ. ჩვენ ვაგრძელებთ ვითარების მონიტორინგს და მჭიდრო კავშირში ვართ რუმინეთის ხელისუფლებასთან“, – განაცხადა ნატო-ს პრესსპიკერმა.

უკრაინაზე რუსეთის იერიშის შემდეგ, რუმინეთში დრონი ჩამოვარდა. დრონი უკრაინის საზღვართან, რუმინეთის სოფელ გრინდუდან ოთხ კილომეტრში, დაუსახლებელ ადგილას ჩამოვარდა. საფრენი აპარატის ჩამოვარდნის ადგილას 1,5 მეტრის სიღრმის კრატერი გაჩნდა. უკრაინის საზღვართან დრონის ჩამოვარდნის გამო რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში რუსეთის ელჩი ვალერი კუზმინი დაიბარეს. რუმინეთი ნატო-ს წევრია. ალიანსის წესდების მეხუთე მუხლით გათვალისწინებულია თავდაცვის კოლექტიური ვალდებულება ნატო-ს რომელიმე წევრზე თავდასხმის შემთხვევაში.