ნატო-ს ოთხი ნაბიჯი საქართველოს მხარდასაჭერად [ვიდეო]

ნატო საქართველოს მხარდაჭერის ახალ პაკეტს გადასცემს. გადაწყვეტილება ალიანსის საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე უკვე მიღებულია. რას მოიცავს ეს პაკეტი და როგორ ეხმარება ნატო საქართველოს პანდემიის დროს. ამ საკითხებზე ვესაუბრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს, ჯეიმს აპატურაის.

ნატო-საგარეო საქმეთა მინისტრებმა გადაწყვიტეს, რომ საქართველო ჩრდილოატლანტიკური ალიანსისგან მხარდაჭერის ახალ პაკეტს მიიღებს. შეგიძლიათ, რომ უფრო დეტალურად გვითხრათ, რას ნიშნავს ეს პოლიტიკური და პრაქტიკული თვალსაზრისით?

მხარდაჭერის ახალი პაკეტის გადაცემის პოლიტიკურ გადაწყვეტილებას ორი მიზეზი აქვს. პირველი – მოგეხსენებათ, საქართველო არის ნატო-ს არაწევრი იმ ქვეყნების ჯგუფში, რომლებთანაც მჭიდრო ორმხრივი თანამშრომლობა გვაკავშირებს. საქართველოსთან ეს თანამშრომლობა ნამდვილად საუკეთესო და სამაგალითოა და ჩვენ მისი გაღრმავება გვსურს. მეორე მიზეზი არის ის, რაც ყველამ ვიცით, რომ შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების სიტუაცია გაუარესდა. ეს სიტუაცია გაუარესდა საქართველოსთვის, უკრაინისთვის და ნატო-ს წევრებისთვისაც. ამის მიზეზი არის რუსეთის აგრესიული ქმედებები საქართველოში, უკრაინასა და ყირიმის ნახევარკუნძულზე. რუსეთმა ყირიმი გამოიყენა შავ ზღვაში სამხედრო ძალის გასაზრდელად. ეს ახდენს გავლენას როგორც ჩვენზე, ასევე საქართველოზე და უკრაინაზე. ყველა ამ მიზეზის გამო ჩვენ გვსურს საქართველოსთან თანამშრომლობის გაღრმავება. განსაკუთრებით, როდესაც საქმე შავ ზღვას ეხება. ვაპირებთ შემდეგი ნაბიჯების გადადგმას. უპირველეს ყოვლისა, ჩვენ ჩავრთავთ საქართველოს უფრო მეტ აქტივობაში, რომელსაც ჩვენ ვუწოდებთ „ჰიბრიდულ თავდაცვას“. საუბარი მაქვს იმ ხერხებისა და საშუალებებისგან თავდაცვაზე, რომელსაც რუსეთი სხვა ქვეყნების წინააღმდეგ იყენებს, როდესაც, მაგალითად, საქმე ეხება კიბერთავდასხმებს ან დეზინფორმაციას, ენერგეტიკულ ბლოკადას, შენიღბულ სადაზვერვო ან სამხედრო აქტივობას. ყველა ამ ხერხს ჩვენ განვიხილავთ ერთი პაკეტის ნაწილად, რადგან ეს ნამდვილად ასეა. ჩვენ ვმუშაობთ უკრაინასთან და საქართველოსთან ამ საკითხებზე. ჩვენ განვამტკიცებთ თანამშრომლობას, რათა დავიცვათ თავი ასეთი საფრთხეებისგან. მეორე საკითხია, რომ გვსურს, საქართველოს ჰქონდეს სამეზობლო საჰაერო სივრცის უკეთესი, გაუმჯობესებული სურათი. ჩვენ გვაქვს პროგრამა, რომელშიც საქართველოს ჩართვა გვსურს. ეს არის „საჰაერო სივრცის უსაფრთხოების პროგრამა“, რომლის საშუალებითაც საქართველო უკეთესად აღიქვამს, რა ხდება მის საჰაერო სივრცეში. ახალი პაკეტის კიდევ ერთი კომპონენტი არის, ქართველებისა და უკრაინელების უფრო მეტი ჩართულობა ერთობლივ სწავლებებში. განსაკუთრებით იმიტომ, რომ საქართველოს „თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა“ და „ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი“ ძალიან კარგად მუშაობენ. ვიმედოვნებთ, რომ იქ მეტ უკრაინელს ვიხილავთ. და ბოლოს, ჩვენი მოკავშირეები, ნატო-ს წევრები განიხილავენ საქართველოს უფრო მეტ ჩართულობას სამხედრო სწავლებებში. მათ შორის, რეგიონში. ასე რომ, ჩვენ გვაქვს გაწერილი ოთხი მკაფიო ნაბიჯი, რომლის გადადგმასაც ვაპირებთ, რათა საქართველო შავი ზღვის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში უფრო მეტად ჩაერთოს.

რაც შეეხება პანდემიას, ნატო-თავდაცვის მინისტრებმა განიხილეს ნაბიჯები, რომლებსაც მოკავშირეები ერთმანეთის დასახმარებლად გადადგამენ. შეუძლია თუ არა ალიანსისგან მხარდაჭერის მიღება პარტნიორ ქვეყნებს და რა სახის დახმარება შეიძლება იყოს ეს?

კოვიდ-19-ის პანდემია ნატო-ს შტაბბინაში ნომერ პირველ თემად იქცა. ჩვენ ვმუშაობთ ყველა სახის პრაქტიკულ ნაბიჯებზე, რათა მხარი დავუჭიროთ ერთმანეთს და, რა თქმა უნდა, პარტნიორებსაც. ეს აერთიანებს იმ ნაბიჯებს, რომლებიც უკვე გადავდგით და ახლაც ვდგამთ, რაც, მაგალითად, არის ნატო-ს მიერ სამედიცინო საშუალებების ტრანსპორტირება, ნატო-ს დახმარება საველე ჰოსპიტლების მოწყობაში. მოკავშირეები ერთმანეთს საჭირო სამედიცინო საშუალებებით ეხმარებიან, მაგრამ ეს არ ეხება მხოლოდ ნატო-ს წევრებს. ეს ეხება პარტნიორ სახელმწიფოებსაც. ნატო-ს აქვს „საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების კოორდინირების ევროატლანტიკური ცენტრი”. ეს ცენტრი მთელ ევროატლანტიკურ სივრცეში მუშაობს და განკუთვნილია არამხოლოდ ნატოს წევრებისთვის, არამედ პარტნიორებისთვისაც. ეს ცენტრი 24-საათიან რეჟიმში მუშაობს, იმ მოკავშირეებისა და პარტნიორების მოთხოვნების კოორდინირებას ახდენს, რომლებსაც მხარდაჭერა სჭირდებათ და ეძებენ. ეს ცენტრი აკავშირებს ერთმანეთთან იმ სახელმწიფოებს, რომლებიც ეძებენ მხარდაჭერას და მათ, ვისაც მხარდაჭერის შეთავაზება შეუძლიათ. მაგალითად, იმ სახელმწიფოებს, რომლებსაც აქვთ დამატებითი მარაგი და შეუძლიათ მათი გაგზავნა სხვა ქვეყნებში. ჩვენი ცენტრი ამ პროცესში ტვირთის ტრანსპორტირების კოორდინირებას ახდენს. აპრილში საქართველომ ნატო-ს ცენტრში გამოგზავნა მხარდაჭერის მოთხოვნა და პოლონეთმა დახმარების სურვილი გამოთქვა. პოლონეთმა საქართველოს საგანგებო სიტუაციების სამსახურს გაუგზავნა საველე კარვების სადეზინფექციო და გათბობის საშუალებები. ნატო ასევე ინფორმირებულია, რომ საქართველოსგან არის კიდევ მოთხოვნა და ჩვენ ამ საკითხზე ვმუშაობთ, რათა ვნახოთ, თუ მოხერხდება დონორებისა და დახმარების მსურველთა დაკავშირება. ასე რომ, ნატო უკვე ეხმარება საქართველოს და მეტის გაკეთებას ვეცდებით.

თქვენ ახსენეთ შავი ზღვის რეგიონში არსებული სიტუაცია. კოვიდ-19-ის პანდემია ყველაფერზე მოქმედებს. ხომ არ აისახება ეს პანდემია ნატო-და საქართველოს ერთობლივ წვრთნებზე?

ჩვენ ძალიან ფრთხილად ვმოქმედებთ, რათა დარწმუნებულები ვიყოთ, რომ ნატო-ს ოპერაციული მზადყოფნა და ჩვენი მთავარი ფუნქცია – დავიცვათ ჩვენი ტერიტორიები და ჩავატაროთ ოპერაციები, მათ შორის ავღანეთშიც, სადაც საქართველო ჩვენ გვერდითაა და ამისთვის მადლიერები ვართ, სრულად იყოს უზრუნველყოფილი. ეს საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ არ დადგება. რაც შეეხება სამხედრო სწავლებებს, როგორც ნახეთ, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, ნატო-ს წვრთნების მასშტაბები შევამცირეთ, რადგან გვინდა დავრწმუნდეთ, რომ მიღებული იქნება ადეკვატური ზომები, რათა ჩვენი შეიარაღებული ძალები დაცული იყოს. ასევე უნდა დავრწმუნდეთ, რომ ნატო-ს სამხედროების მხრიდან ადგილობრივ მოსახლეობას საფრთხე არ დაემუქრება. ეს ორი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, ამიტომ წვრთნების საკითხს განსაკუთრებული სიფრთხილით ვეკიდებით, რათა დავრწმუნდეთ, რომ უსაფრთხოების სტანდარტები დაცულია. ჩემთვის ჯერ უცნობია, როდის შევძლებთ წვრთნების გეგმის სრულფასოვნად შესრულებას, მაგრამ როგორც კი ეს მოხდება, ეს პროგრამა აუცილებად მოიცავს ნატო-საქართველოს ერთობლივ წვრთნებსაც. ახლა არაორდინარულ სიტუაციაში ვართ და შექმნილ მდგომარეობასთან ადაპტაცია გვიწევს. მაგრამ ეს არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს, რომ უარს ვამბობთ ნატო-საქართველოს წვრთნებზე. ეს სწავლება აუცილებლად ჩატარდება, თუმცა როდის და როგორ, ეს დიდწილად დამოკიდებულია ნატო-ს წვრთნების გეგმის ადაპტაციაზე.

როგორც ვხედავთ, პანდემიით გამოწვეული ახალ გამოწვევებს შორის არის დეზინფორმაცია. ეს ეხება ჩვენს რეგიონს და საქართველოსაც. რუსეთი, ასევე საუბარია ჩინეთზე, პანდემიით სარგებლობენ. როგორ შეუძლია ნატო-დაეხმაროს საქართველოს ამ გამოწვევასთან გამკლავებაში?

დეზინფორმაცია არსებითია და მზარდი. ჩვენ ვხედავთ დეზინფორმაციას, რომელიც მოდის რუსეთიდან და ჩინეთიდან. დეზინფორმაცია დიდწილად ფოკუსირებულია პანდემიაზე. ვხედავთ ყველაფრის აშშ-ზე გადაბრალების მცდელობას, დასავლეთის დადანაშაულებას. ცდილობენ ჩვენებას, რომ ჩვენ არ შეგვიძლია უსაფრთხოების და მოქალაქეების ჯანმრთელობის დაცვა. ეს კამპანია ფრიად გასაოცარი იყო და ჩვენ საპასუხო ნაბიჯებს ვდგამთ. რა თქმა უნდა, ვატარებთ მონიტორინგს, ნატო-ს პრესსამსახური და მოკავშირე ქვეყნები ამ კამპანიაზე მტკიცედ რეაგირებენ. თქვენ იხილეთ, ლიეტუვაში გაგზავნილი ყალბი წერილი, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ ნატო-ს სამხედროები ლიეტუვას ტოვებენ. რა თქმა უნდა, ეს არ არის მართალი. საბედნიეროდ, ამ წერილს არანაირი გავლენა არ მოუხდენია, მაგრამ ეს დეზინფორმაციული კამპანიის მხოლოდ ერთი მაგალითია. წერილი ნატო-ს გენერალური მდივნის სახელით იყო დაწერილი და, სხვათა შორის, საკმაოდ ოსტატურად იყო შედგენილი, მაგრამ ამან არ იმუშავა. დიახ, ჩვენ ძალიან ბევრ დეზინფორმაციას ვაწყდებით. საქართველო კი ამ გამოწვევას უკვე წლებია უმკლავდება, ამიტომ საქართველოში ამ თემას ძალიან კარგად იცნობენ. საქართველო და ნატო ამ საკითხზე წლებია თანამშრომლობენ და დეზინფორმაციასთან ბრძოლის შესაძლებლობებს ვზრდით და ასეც გაგრძელდება. ნატო-ს აქვს სტრატეგიული კომუნიკაციების ცენტრი ლატვიაში და საქართველო თანამშრომლობს ამ ცენტრთან. იმედი მაქვს, რომ უახლოეს ხანში ამ საკითხზე საქართველოსთან კონსულტაციები გაიმართება. ასე რომ, ეს საკითხი ჩვენს დღის წესრიგშია.

მინდა შევეხო რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ სიტუაციას. როგორც ვხედავთ, პანდემიის დროსაც რუსეთის მხრიდან არალეგალური აქტივობაა, რაც მოიცავს გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვას და ბორდერიზაცია გრძელდება. რა იქნება საუკეთესო პასუხი ამ გამოწვევაზე?

სიტუაცია ისედაც ცუდი იყო, მაგრამ ყველაზე უარესი არის ის, როდესაც ადამიანების ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება. ჩვენ ვხედავთ ბორდერიზაციის აქტივობებს, რომელსაც რუსეთი და მისი მარიონეტები ახორციელებდნენ ბოლო კვირების განმავლობაში. მე ამის შესახებ სოციალურ ქსელში მოკლე განცხადება გავაკეთე, რათა მკაფიოდ გვეთქვა, რომ ნატო თვალს ადევნებს მოვლენებს და ჩვენთვის ეს მიუღებელია. მიუღებელია ყველაფერი, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ნატო აგრძელებს ზეწოლას რუსეთზე ამ საკითხთან დაკავშირებით. ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც რუსეთთან ურთიერთობები არის ასეთ დაბალ დონეზე. მოკავშირეებს ამ საკითხზე ერთიანი კრიტიკული პოზიცია აქვთ. ჩვენ მხარს ვუჭერთ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას და მათ საქმიანობას. ასევე, ჩვენ მუდმივად წამოვწევთ ამ საკითხს რუსებთან.

მსოფლიოს ამბები