რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ ნატო-ს საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდების დაჩქარების მოთხოვნით მიმართავს
რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ოანა ცოიუმ განაცხადა, რომ ნატო-ს საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდების დაჩქარების მოთხოვნით მიმართავს. აღნიშნული განცხადება ქვეყნის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა რუსული დრონის ჩამოვარდნის შემდეგ გააკეთა.
„ეს ჩვენი საჰაერო სივრცის დაუშვებელი და აშკარა დარღვევაა. გვაქვს მტკიცებულება, რომ ეს რუსული უპილოტო საფრენი აპარატი იყო“, – აღნიშნა ცოიუმ.
რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ნატო-ს მთავარსარდალი მანამდე უკვე დაეთანხმა რუმინეთის წინა მოთხოვნას, ალიანსს სამხედრო ტექნიკა ქვეყანაში გადაეტანა, ახლა კი ბუქარესტი ამ მიწოდების დაჩქარებას ითხოვს.
ოანა ცოიუმ ასევე განმარტა, რომ რუმინეთი ნატო-ს წევრი ქვეყნების ელჩებთან დაგეგმილ შეხვედრაზე წამოჭრის ქალაქ გალატში რუსული დრონის ჩამოვარდნის საკითხს და „აღმოსავლეთ ფლანგზე შეკავებისა და თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერების საჭიროებას“.