ნატო-ს დღეების ფარგლებში, მიხეილ ჯანელიძე ქვემო ქართლში თვითმმართველობის, არასამთავრობოებისა და მედიის წარმომადგენლებს შეხვდა
ნატო-ს დღეების ფარგლებში, საქართველოს ვიცე-პრემიერმა საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ქვემო ქართლის თვითმმართველობის წარმომადგენლებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა.
ღონისძიება ნატო-ს დღეების ფარგლებში, მარნეულის მერიაში გაიმართა.
მიხეილ ჯანელიძემ მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა და ისაუბრა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მიმდინარეობაზე, ამ გზაზე არსებულ პროგრესზე. შეხვედრა კითხვა პასუხის რეჟიმში წარიმართა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ქვემო ქართლის გუბერნატორი გრიგოლ ნემსაძე, მარნეულის მერი, თემურ აბაზოვი და საქართველოში ნატო-ს სამოკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი, როზარია პუგლისი. შეხვედრა ქალაქ მარნეულის მერიაში გაიმართა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, წელს, ნატო-ს დღეები განსაკუთრებულად აღინიშნება საქართველოს რეგიონებში, სადაც ნატო-სა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივით იმართება არაერთი ღონისძიება ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლებისა და ჩართულობის მიზნით.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ 2018 წელი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა დიალოგის წლად გამოაცხადა და ხელისუფლის წარმომადგენლებს ხალხთან, განსაკუთრებით კი რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობასთან მეტი დიალოგისკენ მოუწოდა.
ნატო-ს დღეები მეთერთმეტედ აღინიშნება და 16 აპრილიდან 1 მაისამდე გაგრძელდება. ღონისძიება საქართველოში სსიპ „საინფორმაციო ცენტრის ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ ორგანიზებით, საგარეო საქმეთა სამინისტროს, საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისისა და საქართველოში ბულგარეთის საელჩოს (ნატოს საკონტაქტო საელჩო) მხარდაჭერით იმართება.