ნატო-მ ლატვიაში ფართომასშტაბიანი სამხედრო წვრთნები, Saber Strike 2018 დაიწყო
ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა ლატვიაში ფართომასშტაბიანი სამხედრო წვრთნები, Saber Strike 2018 დაიწყო. ამერიკის შეერთებული შტატების ხელმძღვანელობით მიმდინარე წვრთნებში 19 ქვეყნის 18 ათასი სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობს.
ფართომასშტაბიანი წვრთნების მიზანი ბალტიის ქვეყნებში განთავსებული ნატო-ს ბატალიონებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებაა. მასში ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად მონაწილეობენ გერმანია, დიდი ბრიტანეთი, კანადა, ასევე ბალტიის ქვეყნები.
სამხედრო წვრთნები Saber Strike 2010 წლის შემდეგ ყოველწლიურად ტარდება. წელს მანევრები ესტონეთის, ლატვიის, ლიეტუვის და პოლონეთის ტერიტორიაზე 15 ივნისამდე გაგრძელდება.
ამის პარალელურად პოლონეთი ამერიკის შეერთებული შტატებისგან პასუხს ელოდება. შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ პოლონეთმა ოფიციალურ ვაშინგტონს მუდმივმოქმედი სამხედრო ბაზის განთავსების სანაცვლოდ ორი მილიარდი დოლარი შესთავაზა.
დოკუმენტში, რომელშიც შესაბამისი თხოვნაა გაჟღერებული, აღნიშნულია, რომ ამერიკული ჯავშანტრანსპორტიორების დივიზიის პოლონეთში განთავსება რუსეთის მხრიდან მომდინარე საფრთხის გამო აუცილებელია. პოლონეთში აცხადებენ, რომ მათ ტერიტორიაზე მუდმივმოქმედი ამერიკული ბაზის განთავსება ამერიკის შეერთებული შტატების ერონული უსაფრთხოების დოქტრინას შეესაბამება. 2017 წელს მიღებულ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ რუსეთის მხრიდან მომდინარე აგრესია ამერიკის შეერთებული შტატებისა და გლობალური სტაბილუროსბისთვის ერთ-ერთ უმთავრეს საფრთხეს წარმოადგენს.