ნატო კიბეროპერაციების ახალ ცენტრს შექმნის. როგორც ბრიუსელში გამართული თავდაცვის მინისტერიალის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე ალიანსის გენერალურმა მდივანმა განაცხადა, ახალი უწყება ყველა მოკავშირის კიბერნეტიკულ საშუალებებს და პოტენციალს გააერთიანებს.
იენს სტოლტენბერგის თქმით, კიბეროპერაციები საერთაშორისო კანონმდებლობის დაცვით ჩატარდება. მისივე თქმით, მსგავსი ოპერაცია ერთხელ უკვე ჩატარდა „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ.
ნატო-ს თავდაცვის მინისტრები ასევე შეთანხმდნენ სამეთაურო შტაბების მოდერნიზაციაზე, რაც ალიანსის ჯარისკაცების ატლანტის ოკეანეს გავლით, ევროპასა და ევროპის ქვეყნებს შორის უფრო ეფექტურ და სწრაფ გადაადგილებას უზრუნველყოფს.