ნატო - იენს სტოლტენბერგმა მადლობა გადაუხადა საქართველოს წლების განმავლობაში ავღანეთში ნატო-ს ძალისხმევაში შეტანილი წვლილისთვის
იენს სტოლტენბერგმა მადლობა გადაუხადა საქართველოს წლების განმავლობაში ავღანეთში ნატო-ს ძალისხმევაში შეტანილი წვლილისთვის, – ამის შესახებ ნატო-ს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ პრესრელიზშია აღნიშნული.
ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ იენს სტოლტენბერგმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მოკავშირეთა ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.
„ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ნატო-ს სათავო ოფისში საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს უმასპინძლა. შეხვედრაზე განიხილეს პოლიტიკური და პრაქტიკული თანამშრომლობის საკითხები, ასევე უსაფრთხოების მდგომარეობა რეგიონში. გენერალურმა მდივანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ნატო-ს მტკიცე პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერა პარტნიორების მიმართ, ასევე მოკავშირეთა ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.
გენერალურმა მდივანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო წარმოადგენს ნატო-ს ერთ-ერთ უახლოეს პარტნიორს და მადლობა გადაუხადა საქართველოს წლების განმავლობაში ავღანეთში ნატო-ს ძალისხმევაში შეტანილი წვლილისთვის.
გენერალურმა მდივანმა განიხილა უსაფრთხოების მდგომარეობა რეგიონში, მათ შორის რუსეთის სამხედრო ძალების კონცენტრაცია უკრაინასა და მის გარშემო, ასევე რუსეთის მხრიდან დესტაბილიზაციისკენ გამიზნული მოქმედებები შავი ზღვის რეგიონში. გენერალურმა მდივანმა ასევე აღნიშნა, რომ „მომავალში რუსეთს ძვირად დაუჯდება ნებისმიერი აგრესია, რომელსაც მოჰყვება სერიოზული პოლიტიკური და ეკონომიკური შედეგები“.
ლიდერებმა ასევე განიხილეს საქართველოს შიდა რეფორმები და ყოველწლიური ეროვნული პროგრამის განხორციელება. გენერალურმა მდივანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ „არსებითად მნიშვნელოვანია მუშაობის გაგრძელება მართლმსაჯულების რეფორმაზე, ასევე მედიის თავისუფლებისა და უსაფრთხოების სექტორის ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფაზე“, – ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.
ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.