NATO „ცივი ომის“ დასრულების შემდეგ მასშტაბური სამხედრო წვრთნების ჩატარებას გეგმავს
„ცივი ომის“ დასრულების შემდეგ NATO ყველაზე მასშტაბურ სამხედრო წვრთნებს ჩაატარებს. ინფორმაციას სააგენტო Dpa ავრცელებს. მანევრები სახელწოდებით Trident Juncture 2018 ორ ეტაპად, ოქტომბერსა და ნოემბერში გაიმართება. სწავლებებში მონაწილეობას 30 ქვეყნის სამხედრო მოსამსახურეები მიიღებენ.
Dpa-ის ცნობით, წვრთნების მიზანია შემოწმდეს, რამდენად მზადაა ალიანსი უპასუხოს ახალი ტიპის საფრთხეებს, მათ შორის, „ჰიბრიდული ომის და პროპაგანდის დახვეწილ ტექნიკას“.
სამხედრო წვრთნები ორ ეტაპად – 25 ოქტომბრიდან 7 ნოემბრამდე და 14 ნოემბრიდან 23 ნოემბრამდე გაიმართება. წვრთნებში რეკორდული რაოდენობით სამხედრო ჩაერთვება. საუბარია დაახლოებით 40 000 ჯარისკაცზე. მანევრებში მონაწილეობას მიიღებს 130 თვითმფრინავი, 70 ხომალდი და 10 ათასი ერთეული სამხედრო ტექნიკა.
სწავლებები ნორვეგიის სანაპიროსთან ჩატარდება. წვრთნების ფარგლებში, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ძალები ატლანტის ოკეანესა და ბალტიის ზღვაში შევლენ. ასევე, თვითმფრინავები ფინეთისა და შვედეთის საჰაერო სივრცეს გადაკვეთენ.