ნატო ჩხეიძე „ქართული ოცნების“ მიერ შექმნილი ორი სამუშაო ჯგუფის მუშაობაში მონაწილეობს
ოპოზიციონერი დეპუტატი ნატო ჩხეიძე მონაწილეობს „ქართული ოცნების“ მიერ შექმნილი ორი სამუშაო ჯგუფის მუშაობაში, რომელიც გენდერული თანასწორობის საკითხებსა და სტრასბურგის სასამართლოს შეფასებების ქართულ მართლსასჯულებაში გამოყენებას ეხება.
იმის გათვალისწინებით, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ამ სამუშაო ჯგუფებში არ მონაწილეობს, ნატო ჩხეიძემ განმარტა, რატომ იღებს ამ ფორმატში მონაწილეობას.
დეპუტატი აღნიშნავს, რომ ევროკომისიის რეკომენდაციებიდან გამომდინარე, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტს მე-9 და მე-11 რეკომენდაციების შესრულება დაევალა, თავად ამ კომიტეტის წევრია და პროცესში მანამდე ჩაერთო, ვიდრე მუშაობა სამუშაო ფორმატებში დაიწყებოდა.
„ამ ფორმატში მოწვეული არიან არასამთავრობო ორგანიზაციები და როგორც ჩანს, ამას დაერქვა სამუშაო ჯგუფი. ვინაიდან, განხილვა კომიტეტის ფარგლებში ხდება, საჭიროდ მივიჩნიე, რომ როგორც კომიტეტის წევრმა, ამ პროცესში მონაწილეობა მივიღო. გარკვეული ავტონომია ყველა დეპუტატს გააჩნია, შესაბამისად, ამ ავტონომიით ვისარგებლე ფრაქციის ფარგლებში. მიმაჩნია, რომ საორჭოფო საკითხებში, სადაც დეპოლარიზაცია არის საჭირო და ამისთვის მისაღებია ის, რომ ოპოზიციამ და ხელისუფლებამ ერთად იმუშაონ, სჯობს, იქ იყო, საკუთარი დამოკიდებულება გამოხატო. „ქართულმა ოცნებამ“ რაც უნდა თქვას, რომ 12-ვე რეკომენდაციას შეასრულებს, ეს არ მოხდება, მაგრამ სჯობს, რომ ჩვენი პროტესტი, შენიშვნა და ოპონირება ამ ფორმატში იყოს. „ქართულ ოცნებას“ ვერ აიძულებ, რომ ის გააკეთოს, რაც გასაკეთებელია, რადგან მას გადაწყვეტილი აქვს, რომ არ გააკეთოს და ასეთი იძულება მხოლოდ ოპოზიციის მხრიდან ვერ წამოვა, ასეთი იძულება შეიძლება, იყოს სახალხო გამოსვლების შემდეგ. სამუშაო ჯგუფებში რომ ვმონაწილეობ, ეს დამალული არავისთვის არ არის“, – განაცხადა ნატო ჩხეიძემ.
„ნაციონალური მოძრაობა“ არც ერთ ამ სამუშაო ფორმატში არ მონაწილეობს, მიზეზად „ქართული ოცნების“ მიმართ უნდობლობას ასახელებს.