ნატო ჩხეიძე მამუკა ხაზარაძეს - სოლიდარული ვარ თქვენ მიმართ, მაგრამ, როგორც ჩანს, ღირსი ბრძანდებით იმისა, რა დღეშიც ხართ
სოლიდარული ვიყავი თქვენ მიმართ და დავრჩები სოლიდარული, მაგრამ, როგორც ჩანს, თქვენ ღირსი ბრძანდებით იმ ამბისა, რა დღეშიც ახლა ხართ, – ასე მიმართა დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ნატო ჩხეიძემ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელ მამუკა ხაზარაძეს კომიტეტის სხდომაზე.
ნატო ჩხეიძის თქმით,„ომეგას“ საქმეზე დირექტორებმა თანხა მისი ზარის შემდეგ დაკეტილი ბანკიდან გაატანეს.
მამუკა ხაზარაძემ კი აღნიშნა, რომ მასთან არანაირი ზარი იმის შესახებ, თუ ვისთვის უნდა მიეცა თანხა, არ ყოფილა.
„არანაირი ზარი ჩემთან, რომ ამას მიეცი თანხა, მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, არ ყოფილა. დავინტერესდი ამ თემით, მოვიწვიე შიდა აუდიტი. გვაბრალებდა ბიზნესმენი, რომ ბანკი დაკეტილი იყო და თანხა იყო გატანილი. გარწმუნებთ, არანაირ დაკეტილ ბანკში თანხა არ გაგვიტანებია. თანხა გაიტანეს თქვენმა დირექტორებმა თქვენივე ხელმოწერით. დაბრალება ჩვენზე, რომ კომპანიის ანგარიშიდან დირექტორმა თანხა რატომ გაიტანა, ის რომ ჩვენ უდნა გაგვეკონტროლებინა მას ეს თანხა ეკუთვნოდა თუ არა, ამას ვერ მივიღებ. ვერც იმას მივიღებ, რომ მე ვინმეს დავურეკე. ასეთი პრაქტიკა ჩემს ცხოვრებაში არ ყოფილა“,- განაცხადა ხაზარაძემ.
ნატო ჩხეიძის თქმით, მამუკა ხაზარაძეს მოუწევს „სიმართლის თქმა იქ, სადაც მეტი პასუხისმგებლობაა სიმართლისა“.
„ერთი რამ ნიშანდობლივი იყო ჩემთვის. ამ ორკესტრირებული შეტევის ერთი გვარი დაასახელეთ თქვენ – გახარია, და 2016 წლის 21-22 აპრილს, თქვენი ბანკის მიერ უკანონოდ გაცემული, თქვენზე იძულების გამო, ორკესტრირებული შეტევის ორკესტრანტი ერთ-ერთი სწორედ გახარია გახლდათ. ახლა რასაც ამბობთ, რომ დირექტორების მიერ იყო გატანილი, დიახ, მაგრამ მშვენივრად იცით, თქვენ და თქვენ ბანკს არ ჰქონდა უფლება ეს თანხა გაეტანა. ბანკის თანამშრომლები ამას არც აკეთებდნენ, მაგრამ გააკეთეს მხოლოდ მას შემდეგ, რაც ბატონმა ბუცხრიკიძემ მისცა დავალება, ხოლო ბატონ ბუცხრიკიძეს დავალება მიეცით თქვენ.
ძალიან ცუდია ბატონო მამუკა, რომ მთელი პასუხისმგებლობით ახლა ამას აცხადებთ. სამწუხაროდ, თქვენ მოგიწევთ სიმართლის თქმა იქ, სადაც მეტი პასუხისმგებლობაა სიმართლისა. მე სოლიდარული ვიყავი თქვენ მიმართ და დავრჩები სოლიდარული, მაგრამ, როგორც ჩანს, თქვენ ღირსი ბრძანდებით იმ ამბისა, რა დღეშიც ახლა ხართ. სამწუხაროდ, ასე გამოდის. მე რა დავაშავე თორემ, ძალიან ცუდია, მთელი პასუხისმგებლობით ტყუილს რომ ბრძანებთ და გასაგებია რატომაც. მაგრამ თქვენ უკვე გაბედეთ და დაასახელეთ ორკესტრის ერთი წევრი, სხვათა შორის, „ომეგამ“ ორკესტრის ყველა წევრი დაასახელა თავის დირიჟორთან ერთად, მაგრამ პროკურატურაში ის საქმე გაჩერებულია და თქვენამდე არც მოსულან და არც მოვლენ“,- აღნიშნა ჩხეიძემ.
ამასთან, მამუკა ხაზარაძე ამ განცხადების შემდეგ ნატო ჩხეიძეს მიმართა:
„მთელი პასუხისმგებლობით გეუბნებით, გიყურებთ თვალებში, ქალბატონო ნატო, თქვენი განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ ვინმეს რამე დავავალე, არის ტყუილი. ლონდონით ნუ გვაშინებთ. ლონდონის მისამასრთიც ვიცით ძალიან კარგად“, – მიმართა ხაზარაძემ ნატო ჩხეიძეს.