ნატო ჩხეიძე - მაღალი ზნეობრიობის, მორალის და ძალიან ჰუმანური ადამიანი, ირინა ენუქიძე რომ დაინახავდა, როგორი სისასტიკით უსწორდებიან თუნდაც, მისი შვილის მკვლელობის დროს ხელისუფალს, იმავეს იტყოდა, რაც „ვეფხი და მოყმის“ ბალადაშია
ნატო ჩხეიძე - მაღალი ზნეობრიობის, მორალის და ძალიან ჰუმანური ადამიანი, ირინა ენუქიძე რომ დაინახავდა, როგორი სისასტიკით უსწორდებიან თუნდაც, მისი შვილის მკვლელობის დროს ხელისუფალს, იმავეს იტყოდა, რაც „ვეფხი და მოყმის“ ბალადაშია

როდესაც ადამიანი 44 დღის განმავლობაში შიმშილობს, თუკი მისი სახელი და გვარი არ იქნებოდა მიხეილ სააკაშვილი, რა თქმა უნდა, ის გადაყვანილი იქნებოდა შესაბამის კლინიკაში, – ამის შესახებ ფრაქციის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ წევრმა, ნატო ჩხეიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური შაბათი – მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„რადგან მისი სახელი და გვარი არის ის, რომელიც გარკვეული მიზეზების გამო ხელისუფლებისთვის მიუღებელია, ხელისუფლება ამიტომ ამბობს, მეტი არ სჭირდებაო“, – განაცხადა ჩხეიძემ.

მისი თქმით, ხელისუფლება კანონის მიღმაა გასული.

„მას როგორც სურს, რომ წარმოაჩინოს, თავისი ნების მიხედვით ამბობს, ეს არის კანონიო. ამას საზოგადოება ხედავს და რომ ხედავს, მერე ყველა ადამიანი თავისთვის შესაბამის კანონს იქმნის და აი, აქედან იწყება ის ძალიან ცუდი ვითარება, რომელიც შეიძლება, ქაოსში გადაიზარდოს. ამაზე პასუხისმგებელი არის მხოლოდ და მხოლოდ ხელისუფლება“, – განაცხადა ჩხეიძემ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რა აძლევს ამ განცხადების გაკეთების საფუძველს, რომ ირინა ენუქიძე ცოცხალი რომ ყოფილიყო, აუცილებლად შეიწყალებდა მიხეილ სააკაშვილს, რასაც საზოგადოების ნაწილის მხრიდან საკმაოდ მწვავე რეაქცია მოჰყვა და ეკუთვნის თუ არა ყოფილ პრეზიდენტს პასუხისმგებლობა გირგვლიანის საქმეზე, ნატო ჩხეიძემ განაცხადა, რომ თუ ყოფილ პრეზიდენტს გირგვლიანის საქმეზე პასუხისმგებლობა ეკუთვნის, ამას „ქართული ოცნების“ ხელისუფლება გააკეთებდა და გირგვლიანის საქმეზე ძირითადი ბრალდებული იქნებოდა მიხეილ სააკაშვილი, მაგრამ ეს ასე არ არის.

გადაცემის წამყვანმა, ნატო ჩხეიძეს შეახსენა, რომ მიხეილ სააკაშილი არის ამ საქმეზე ბრალდებული და მათ შორის, არსებობს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება, რაზეც ნატო ჩხეიძემ განაცხადა – „კი ბატონო, არის ბრალდებული და მაშინ, წარდგეს სასამართლოს წინაშე და დაიცვას თავი. იმიტომ, რომ მოგეხსენებათ, სიკვდილმისჯილსაც აძლევენ ხოლმე თავის დაცვის და ბოლო სიტყვის თქმის უფლებას“, – განაცხადა ჩხეიძემ.

ნატო ჩხეიძემ ირინა ენუქიძის შესახებ მის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ ამის თქმის საფუძველი ღირსებისა და ზნეობის მიმართ ქართული საზოგადოების განსაკუთრებულმა დამოკიდებულებამ მისცა.

„რაც შეეხება ჩემს განცხადებას, მგონია, რომ ამ ქვეყანაში ღირსებას და ზნეობას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. მე მიმაჩნია, რომ ქალბატონი ირინა ენუქიძეც ძალიან მაღალი ზნეობის ადამიანი იყო. ჩვენ ვართ იმ ქვეყანაში, სადაც „ვეფხი და მოყმის“ ბალადა დაიწერა და აგერ, საუკუნის წინ, ოლღა გურამიშვილის სიტყვებიც ძალიან კარგად გვახსოვს. აი, ეს ზნეობრივი დამოკიდებულება მაძლევს ამის თქმის უფლებას, რომ ამ ვითარებაში მაღალი ზნეობრიობის, მორალის და ძალიან ჰუმანური ადამიანი, ირინა ენუქიძე რომ დაინახავდა, როგორი სისასტიკით უსწორდებიან თუნდაც, მისი შვილის მკვლელობის დროს ხელისუფალს, ჩემი აზრია და ვფიქრობ, ის იმავეს იტყოდა, რაც ბალადაშია და იმავეს, რაც ოლღა გურამიშვილმა ბრძანა“, – განაცხადა ჩხეიძემ.

შეკითხვაზე, იმის გათვალისწინებით, რომ ოლღა გურამიშვილი ახსენა, მიაჩნია თუ არა მას, რომ მიხეილ სააკაშვილი დამნაშავეა და უნდა აპატიონ, თუ ყოფილი პრეზიდენტი დამნაშავედ არ მიაჩნია, ჩხეიძემ აღნიშნა, რომ პატიება-არპატიება ეს არის ადამიანის ემოციური დამოკიდებულება და ყველა ადამიანს უფლება აქვს, თავისი ემოციური დამოკიდებულება ჰქონდეს.

„ის, ვინც დგას მაღალზნეობრიობის გზაზე, შეიძლება მოიქცეს ოლღა გურამიშვილის მსგავსად, მაგრამ ის, ვინც არ დგას მაღალზნეობრიობის გზაზე, შეიძლება, მოიქცეს სხვანაირად, ან მას თავისი ხედვის კუთხე ჰქონდეს ზნეობრიობის. ყველა სხვა შემთხვევაში, დემოკრატიულ ქვეყანაში არსებობს კანონი“, – განაცხადა ჩხეიძემ.

მაკა ცინცაძემ ნატო ჩხეიძეს საპროტესტო აქციებთან დაკავშირებითაც ჰკითხა, რამდენად არის დღეს საზოგადოებაში მუხტი, რომ ოპოზიციამ ვადამდელი არჩევნები მოიპოვოს, რაზეც ნატო ჩხეიძემ უპასუხა, რომ მუხტი და პროტესტი არის და ამ პროტესტის სიძლიერე დამოკიდებულია ხელისუფლების სისასტიკეზე.

„ჩვენი ხელისუფლება ჯერჯერობით, სასტიკია და ხელისუფლება რაც უფრო სასტიკი იქნება, მუხტი კიდევ უფრო გაიზრდება“, – განაცხადა ნატო ჩხეიძემ.