ნატო ჩხეიძე - მადლობელი ვარ ბედის, რომ გაერთიანებულმა ოპოზიციამ ჩემს ადგილ-მამულში, ხაშურის, გორისა და ქარელის მუნიციპალიტეტში დამასახელა კანდიდატად
გაერთიანებულმა ოპოზიციამ ხაშურში საარჩევნო პროგრამის პრეზენტაცია გამართა და მოსახლეობას ხაშურის, გორისა და ქარელის მუნიციპალიტეტში „ნაციონალური მოძრაობა-ძალა ერთობაშიას“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ნატო ჩხეიძე წარუდგინა.
როგორც ნატო ჩხეიძემ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, საარჩევნო კამპანიის დროს ის არა მხოლოდ დაპირებებს იძლევა, არამედ მოქმედებს. ჩხეიძის განმარტებით, მისი მოქმედება რომ შედეგიანი იყოს, აუცილებელია, შეიცვალოს დღევანდელი ხელისუფლება, რომელიც ხალხს დაშორდა.
„ძალიან დიდი მადლობელი ვარ ჩემი ბედის, რომ გაერთიანებულმა ოპოზიციამ სწორედ აქ, ჩემს ადგილ-მამულში – ხაშურის, გორისა და ქარელის მუნიციპალიტეტში დამასახელა საარჩევნო კანდიდატად. მადლობელი ვარ თქვენი, ყველასი, რომლებთანაც შეხვედრა მქონდა ჩემი საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას. მადლობელი ვარ იმის, რომ თქვენ მისმენდით, თქვენს გულისტკივილს მიზიარებდით და რომ ჩვენ ყველანი ერთად ვემზადებით არჩევნებისთვის, 31 ოქტომბრისთვის.
საარჩევნო კამპანიის დროს დაპირებები ბევრი ყოფილა და ამის მერეც ბევრი იქნება, ამიტომ მე მხოლოდ კიარ გპირდებით, არამედ ვმოქმედებ. იმისთვის, რომ ჩემი მოქმედება იყოს შედეგიანი, აუცილებელია, შეიცვალოს დღევანდელი ხელისუფლება. აუცილებელია, შეიცვალოს ივანიშვილის მთავრობა. „ქართული ოცნების“ მთავრობა ისედაც დაშორებულია ხალხისგან. ხიდია ჩატეხილი მთავრობასა და ხალხს შორის“, – განაცხადა ნატო ჩხეიძემ.
მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ საბჭოური მენტალობით მოქმედებს და გამუდმებით იტყუება.
„იტყუება და ილუზიას ქმნის იმისას, რომ ის ზრუნავს მოსახლეობაზე, ქვეყანაზე, მაგრამ ჩვენ ყველანი თვალნათლივ ვხედავთ, რა მდგომარეობაშია ჩვენი ეკონომიკა – ლარი გარბის და გარბის, რა მდგომარეობაშია სოფლის მეურნეობა, რომ ყველა ფეხის ნაბიჯზე არის სიღარიბე, სიღატაკე, რომ საოკუპაციო ზოლის მიმდებარედ არის დაუცველობა ჩვენი არსებული მთავრობის კაპიტულანტური პოლიტიკის გამო. ამიტომ ჩვენ ყველამ ვიცით, რომ უნდა შევცვალოთ ქვეყნისთვის საზიანო ეს მთავრობა. ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ეს მოხერხდება არჩევნებზე ჩვენი ძალისხმევით.
მეგობრებო, ოთარ ჩხეიძე ამბობდა: „მე მიზანი მაქვს, დიდია, თუ პატარა, ჩემი მიზანი მაქვს. ჩემი მიზანია, თავის მიწას არ მოსწყდნენ ჩემი შვილები, ჩემი ახლობლები. მიწა წებოა, თაობათა წებოა, წინაპართა და მემკვიდრეთა შემათვისებელი, შემასისხლხორცებელი, მე მიწას ვდარაჯობ, მიწის ნაგლეჯს დავკანკალებ. ამან იცის ჩემი მწუხარებაცა და ჩემი სიხარულიცა. ამაზე მეტად, ამაზე ძალუმად მე ვერაფერი ამამღელვარებს“.
დიახ, მეგობრებო, მამაჩემის ეს სიტყვები ჩემთვის ანდერძია. მეც მიწას ვდარაჯობ, მეც მიწის ნაგლეჯს დავკანკალებ. თქვენც მიწას დარაჯობთ, რომლებიც საოკუპაციო ზოლის მახლობლად ცხოვრობთ და არ ტოვებთ იმ მიწას. თქვენც მიწას სდარაჯობთ, რომლებიც ცოტა მოშორებით ცხოვრობთ, მაგრამ ამუშავებთ იმ მიწას. თქვენც მიწას სდარაჯობთ, ვინც ემიგრაციაში ხართ, მაგრამ აძლიერებთ თქვენს ოჯახებს და პატრონობთ თქვენს მიწას. ტკივილიანია ჩვენი ყოფა და ჩვენ ეს ტკივილი სიხარულად უნდა შევცვალოთ დაახლოებით ისე, ბავშვის დაბადებისას დიდი ტკივილი დიდი სიხარულით რომ იცვლება. ჩვენ, გაერთიანებულმა ოპოზიციამ, ჩვენ – 5-მა ნომერმა ვიცით, როგორ შევცვალოთ ტკივილი სიხარულად“, – განაცხადა ნატო ჩხეიძემ.