ნატო ჩხეიძე - ხელისუფლების მხრიდან იყო შემოთავაზება, რომ თუ გნებავთ, მოგვარდეს ფინანსური პრობლემები, დათმეთ ტელევიზია
„პატრიოტთა ალიანსის“ დეპუტატი, “ომეგა ჯგუფის” ერთ-ერთი დამფუძნებელი ნატო ჩხეიძე აცხადებს, რომ “ომეგა ჯგუფი“ ორი წელია, ხელოვნურად შექმნილი ფინანსური პრობლემების წინაშე დგას.
„ომეგა ჯგუფი“ ორი წელიწადია, დგას ფინანსური პრობლემების წინაშე, თუმცა ეს ფინანსური პრობლემებიც არის შექმნილი ხელოვნურად. ეს ცხადია, სხვა საკითხია, მაგრამ ამ ბოლო დროს იყო ასეთი შემოთავაზება, რომ თუ გნებავთ, მოგვარდეს ფინანსური პრობლემები, დათმეთ ტელევიზია. გასაგებია, რომ ჟურნალისტებსა და საზოგადოებას, ყველაზე მეტად ახლა უკვე ეს საკითხი აინტერესებთ. ამას ვიტყვით, მაგრამ ვიტყვით მხოლოდ სასამართლოში და თანაც არა ქართულ სასამართლოში, არამედ უცხოეთის სასამართლოში. ეს შემოთავაზება იყო ხელისუფლების მხრიდან“, – განაცხადა ნატო ჩხეიძემ, რომლის ინფორმაციითაც, მინიშნებით იყო ნათქვამი, რომ „იბერია“ „რუსთავი2“-ზე უარესია.
ტელეკომპანია „იბერიამ“ დღეს საგანგებო განცხადება გაავრცელა. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ,,იბერიას“ გადაუკეტეს დაფინანსების მთავარი წყარო. კომპანია ,,ომეგა ჯგუფი“, რომლის შემადგენლობაშიც შედის ტელეკომპანია ,,იბერია“, პარალიზებულია.