ნატო - ალიანსის მოკავშირეები საერთაშორისო ვალდებულებების სრული პატივისცემით მოქმედებენ, რუსეთი მუდმივად არღვევს შეიარაღების კონტროლის ვალდებულებებს
ნატო რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს სახიფათო და უპასუხისმგებლო ბირთვული რიტორიკისთვის აკრიტიკებს. ამის შესახებ „როიტერი“ წერს.
მედიის ცნობით, ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში აცხადებენ, რომ იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის დაპირება და მისი მოსაზრება აშშ-ის მიერ საზღვარგარეთ იარაღის განლაგების თაობაზე, ჭეშმარიტებისგან შორსაა.
„რუსეთის მიერ ნატო-ს ბირთვული გაზიარების შესახებ ცნობა სრულიად შეცდომაში შემყვანია. ნატო-ს მოკავშირეები მოქმედებენ თავიანთი საერთაშორისო ვალდებულებების სრული პატივისცემით. რუსეთი მუდმივად არღვევს შეიარაღების კონტროლის ვალდებულებებს“, – აღნიშნა ნატო-ს პრესსპიკერმა, ოანა ლუნგესკუმ.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი ბელარუსში ტაქტიკურ ბირთვულ შეიარაღებას განათავსებს, რომლის საცავი პირველი ივლისისთვის მზად იქნება.