მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ნათლისღების დღესასწაულს აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებული საზეიმო ლიტურგია ყველა მოქმედ ტაძარში ჩატარდა.
სამების საკათედრო ტაძარში საზეიმო ლიტურგია საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) აღავლინა.
ტაძრის ეზოში არსებულ დიდ აიაზმაში წყალკურთხევის რიტუალი შესრულდა. საეკლესიო სწავლებით, ნაკურთხი წყალი უხრწნელ თვისებას იძენს. მორწმუნეები მას ავადმყოფობის დროს ან ყოველდღიურად იღებენ და სახლში ასხურებენ.
ნათლისღების დღესასწაული ერთ-ერთია 12 საუფლო დღესასწაულს შორის. ის მდინარე იორდანეში იოანე ნათლისმცემლის მიერ მაცხოვრის ნათლობას უკავშირდება. ამ დღიდან იღებს სათავეს პირველი საეკლესიო საიდუმლო, ნათლობის წესი. ნათლისღებას ღვთის გამოცხადების დღესასწაულსაც უწოდებენ. სახარების მიხედვით, სწორედ ამ დღეს გამოვლინდა სამება სრული სახით – ქრისტეს ნათლობის დროს სულიწმინდა მტრედის სახით გამოჩნდა, ზეციდან კი ხმა გაისმა: „ეს არის ძე ჩემი საყვარელი, რომელიც მე სათნო ვიყავ“.