National Interest - მაიკ პომპეოს მიერ გიორგი კვირიკაშვილთან გამართულ ბრიფინგზე საქართველოსადმი გამოთქმული მხარდაჭერა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ საქართველო აშშ-ისთვის ღირებული პარტნიორია
National Interest - მაიკ პომპეოს მიერ გიორგი კვირიკაშვილთან გამართულ ბრიფინგზე საქართველოსადმი გამოთქმული მხარდაჭერა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ საქართველო აშშ-ისთვის ღირებული პარტნიორია

საქართველომ უნდა აჩვენოს, შესაძლებელია თუ არა ყოფილი საბჭოთა სივრცე, ევროატლანტიკური საზოგადოების შემადგენელ ნაწილად იქცეს, – ასეთ დასკვნას აკეთებენ National Interest-ში გამოქვეყნებული სტატიის ავტორები აშშ-ის ყოფილი ელჩები საქართველოში უილიამ კორტნი, კენეთ იალოვიცი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე დენიელ ფრიდი.

პუბლიკაციაში აღნიშნულია, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს მიერ 21 მაისს, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად გამართულ ბრიფინგზე საქართველოსადმი გამოთქმული მყარი მხარდაჭერა, კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ საქართველო აშშ-ისთვის ღირებული პარტნიორია.

სტატიის ავტორები აცხადებენ, რომ 1991 წელს დამოუკიდებლობის აღდგენიდან დღემდე, საქართველო, ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე, მდგრად პროგრესს აჩვენებს.

„2008 წლის რუსეთის ინტერვენციისა და მოსკოვის მიერ საქართველოს ნაწილების განგრძობადი ოკუპაციის მიუხედავად, საქართველომ რუსეთთან ურთიერთობების სტაბილიზაცია შეძლო. საქართველოს განგრძობადი პროგრესი მოითხოვს რეფორმების გაღრმავებას, დასავლეთის მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს ევროატლანტიკურ ინსტიტუტებში ინტეგრაციის გზაზე, ასევე მოთმინება და მიზანმართულობა. თავისუფალი და დემოკრატიული ერების ოჯახის გაფართოება, საქართველოსა და უკრაინის მაგალითზე ახლა მნიშვნელოვან გამოცდას აბარებს”, – ნათქვამია სტატიაში.
ავტორთა განცხადებით, საქართველომ NATO-სთან და ევროკავშირთან პრაქტიკული თანამშრომლობის შესაძლებლობები უნდა გამოიყენოს და მეტი სარგებელი მიიღოს.

„1990-იან წლებში საქართველოს შეუმდგარ სახელმწიფოდ ჩამოყალიბება ემუქრებოდა. მან ბევრი გამოწვევა გადალახა და ახლა წარმოადგენს რეფორმატორი და დასავლეთზე ორიენტირებული ქვეყნის მაგალითს, რომელმაც საბჭოთა მმართველობის წინააღმდეგობები დაძლია”, – ნათქვამია პუბლიკაციაში.
როგორც ავტორები ამბობენ, საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა კიდევ უფრო ამყარებს მის მნიშვნელოვნებას.

„საქართველო აკავშირებს ევროპას, ახლო აღმოსავლეთს და აზიას. მას მნიშვნელოვანი ადგილი უკავია კასპიის გაზის და ნავთობის ექსპორტის გზაზე”, – ნათქვამია სტატიაში.
პუბლიკაციაში ხაზგასმულია, რომ საქართველში ჩატარდა სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები, მას აქვს დინამიური სამოქალაქო სექტორი და არსებობს პრესის თავისუფლება.
„აშშ-ს NATO-ს მოკავშირეებთან ერთად შეუძლია გააორმაგოს საქართველოს დახმარება თავდაცვის სფეროში. დასავლეთს ასე შეუძლია მოუწოდოს რუსეთს, შეინარჩუნოს საქართველოსთან მშვიდობიანი კავშირები და მკაფიოდ აგრძნობინოს, რომ ნებისმიერ ახალი აგრესია მოსკოვს ძვირი დაჯდება”, – წერს National Interest-ი.