The National Interest - რუსეთის, ჩინეთის და ჩრდილოეთ კორეის მხრიდან შესაძლო აგრესიის შემთხვევაში, აშშ დაუცველია
„ამერიკის შეერთებული შტატების აქილევსის ქუსლი. ელექტრომაგნიტური თავდასხმა“- ასეთი სათაურით აქვეყნებს სტატიას The National Interest. ამერიკული ანალიტიკური გამოცემის მტკიცებით, შტატები რუსეთის, ჩინეთის და ჩრდილოეთ კორეის მხრიდან შესაძლო აგრესიის შემთხვევაში დაუცველია.
TNI-ი აღნიშნულ მოსაზრებას ამერიკელი ექსპერტის, პიტერ პრაის კომენტარით ამოწმებს, რომლის აზრითაც ამ ქვეყნებთან სამხედრო კონფლიქტის შემთხვევაში, აშშ სათანადო წინააღმდეგობას ვერ გაუწევს.
სტატიაში აღნიშნულია, რომ ჩრდილოეთ კორეა ათობით ბირთვულ იარაღს ფლობს. ბოლო ერთი წლის განმავლობაში კი ფხენიანი აღნიშნული იარაღის სხვადასხვა ტიპის საკონტინენტთაშორისო ბალისტიკურ რაკეტაზე განთავსების ტექნოლოგიითაც განვითარდა.
ანალიტიკურ სტატიაში ოფიციალური მოსკოვისა და აშშ-ის ბირთვული იარაღის მარაგიც არის შედარებული. გამოცემის მიხედვით, რუსული მარაგი ამერიკულს საგრძნობლად აღემატება.
სტატიაში ასევე ხაზგასმულია, რომ რუსეთში მიწისქვეშა ქალაქის აშენება იგეგმებოდა, საიდანაც ამერიკის შეერთებულ შტატებთან ბირთვული ომის შემთხვევაში, პოლიტიკური და სამხედრო მაღალჩინოსნები მოვლენებს გააკონტროლებდნენ.
სტატიის მიხედვით, ამერიკის შეერთებული შტატები დაუცველი იქნება ჩინეთთან ომის შემთხვევაშიც, რადგან აზიური სახელმწიფო ბალისტიკური რაკეტების და ბირთვული იარაღის რაოდენობით ვაშინგტონს აღემატება.