ნათია თურნავას ინფორმაციით, სახელმწიფოს თითოეული პირბადის შეკერვა საშუალოდ 1,08 ლარი უჯდება
სახელმწიფოს თითოეული პირბადის შეკერვა საშუალოდ 1,08 ლარი უჯდება, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.
მისი განმარტებით, პირბადის დასამზადებლად სახელმწიფო, ამ შემთხვევაში ეკონომიკის სამინისტრო უცხოეთიდან იძენს სამედიცინო დოლბანდს.
„სამედიცინო დოლბანდი სტრატეგიული პროდუქტია და ბევრმა ქვეყანამ აკრძალა და შეზღუდა მისი გატანა. აქედან გამომდინარე, ჩვენი დიპლომატიური ძალებით უფრო ვახერხებთ ამის მოძიებას და შეძენას და ვიძენთ კომერციულ ფასად. გარდა ამისა, ამაში ჩადებულია ჩვენი მკერავების შრომა, ეს შრომა და საწარმოო ხარჯები ასევე ასახულია თვითღირებულებაში. საშუალოდ კერვა თითოეული პირბადის კონტრაქტების მიხედვით ჯდება 60-დან 70 თეთრამდე დღგ-ს ჩათვლით. ძალიან კარგია, რომ პირველი პარტიები ჩვენ მთელმა სამკერვალო კომპანიებმა მოგვაწოდა უფასოდ, ანუ კერვის თვითღირებულება იქ არ იყო ასახული. ჩვენ დღესაც ვარიგებთ და მანამდეც დავარიგეთ პირბადეები უფასოდ სხვადასხვა კატეგორიაზე, მათ შორის 70 წელს გადაცილებულ მარტოხელა პენსიონერებზე, ქრონიკული დაავადების მქონე პენსიონერებზე, ასევე კარანტინში დასაქმებულ ადამიანებთან მიდის ასეთი პირბადე უფასოდ, პოლიციელებთან, ჯარში და ა.შ“, – განაცხადა მინისტრმა.
მისი თქმით, იმისთვის, რომ აღნიშნული პროდუქტი ბაზარს სისტემურად მიეწოდოს, სამკერვალოებთან შეკვეთა ანაზღაურებადი პირობით უნდა მოხდეს.
„იმისთვის, რომ პირბადეები გახდეს სისტემურად მიწოდებული ბაზარზე და რაც შეიძლება მეტი ადამიანისთვის და ჩვენი მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი, რასაკვირველია, ჩვენ ამას ანაზღაურებადი პირობით ვაკეთებთ ახლა სამკერვალოებთან. თანაბარი პირობებია ყველასთვის. ვისაც აქვს სურვილი, გარკვეული მოცულობა შეგვიკეროს უფასოდ, მივესალმებით ამას, მაგრამ იმისთვის, რომ ეს უფრო სისტემური იყოს, ჩვენ თანხებს ვანაზღაურებთ, ვასაქმებთ ისევ და ისევ 1000-მდე ადამიანს, ვინც კერავს პირბადეს, ეს პროგრამა გაგრძელდება, სანამ ბაზარი არ გაჯერდება“, – განაცხადა ნათია თურნავამ.