ნათია თურნავას განცხადებით, ლარის კურსზე ნეგატიურ მოლოდინებთან ერთად, პოლიტიკური პროცესის არასტაბილურობაც მოქმედებს
ნათია თურნავას განცხადებით, ლარის კურსზე ნეგატიურ მოლოდინებთან ერთად, პოლიტიკური პროცესის არასტაბილურობაც მოქმედებს

ეპიდემიოლოგიური რისკების გათვალისწინებით, ყველაფერს გავაკეთებთ, რათა სახმელეთო საზღვრების უსაფრთხოდ გახსნა მალე შევძლოთ, ტურისტები შემოიტანენ უცხოურ ვალუტას, რაც მნიშვნელოვანია ლარის დასტაბილურებისთვის, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ ლარის კურსთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისივე თქმით, ლარის კურსის დასტაბილურების მოკლევადიან ღონისძიებებში ეროვნული ბანკი და ფინანსთა სამინისტროა ჩართული, საშუალოვადიან გეგმაში კი ეკონომიკის სამინისტრო.

„ეროვნული ვალუტა ისეთი საკითხია, რომელიც ბიზნესსაც აწუხებს და ნებისმიერ ჩვენგანსაც. ეს საკითხი თითოეულის ჯიბეს ეხება. აქ არის ორგვარი მიდგომა, ერთი – მოკლევადიანი ღონისძიებები, რაშიც ეროვნული ბანკია და ფინანსთა სამინისტროა ჩართული და რომელიც გამოიხატება მასტაბილიზირებელი ინტერვენციებით; მეორე – საშუალოვადიანი გეგმა, რომელშიც ეკონომიკის სამინისტროა ჩართული. ეს არის მეტი ინვესტიციის მოზიდვა ქვეყანაში, ეს არის უცხოური ვალუტის შემოდინების და არა გადინების წყარო, ეს არის მეტი ადგილობრივი წარმოების განვითარება, მათ შორის ენერგეტიკაში, ეს არის ტურიზმის დროული აღდგენა. აქ ვამბობთ, რომ ეპიდემიოლოგიური რისკების გათვალისწინებით, ყველაფერს გავაკეთებთ, რათა სახმელეთო საზღვრების უსაფრთხოდ გახსნა მალე შევძლოთ, ტურისტები შემოიტანენ უცხოურ ვალუტას, რაც მნიშვნელოვანია ფულად ბაზარზე ლარის დასტაბილურებისთვის. ჩვენ ვალდებული ვართ, სწრაფად განვახორციელოთ ყველა აუცილებელი ზომა, რათა მაკროეკონომიკური სტაბილურობა შენარჩუნდეს.

ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ნეგატიურ მოლოდინებს. პოლიტიკური პროცესის სტაბილიზაციის კვალობაზე, რა თქმა უნდა, კიდევ ერთი ნეგატიური წნეხი ეროვნულ ვალუტაზეც მოიხსნება“, – განაცხადა ნათია თურავამ.