ნათია თურნავას განცხადებით, 2021 წლის ბიუჯეტის პროექტში სახელმწიფო მოხელეების ხელფასი საგრძნობლად შემცირებულია
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, 2021 წლის ბიუჯეტის პროექტში სახელმწიფო მოხელეების ხელფასი საგრძნობლად შემცირებულია.
ამასთან მისივე ინფორმაციით, 2021 წელს ხელფასი გაეზრდებათ მასწავლებლებს, პოლიციელებსა და ჯარისკაცებს.
„იმის მიუხედავად, რომ 2021 წელი იქნება ეკონომიკის აღდგენის და ზრდის წელი, კვლავაც არის საკმაოდ რთული. აქედან გამომდინარე, ჩვენი ბიუჯეტიც არის ანტიკრიზისული, სადაც ძირითადი აქცენტი კეთდება ადამიანებზე ზრუნვაზე, დახმარებაზე, ბიზნესის დახმარებაზე. რაც შეეხება ძირითად აქცენტს, თუ ვის გაეზრდება შრომის ანაზღაურება, ეს არის პენსიონერები, რადგან პენსიის ინდექსაციის ახალი მექანიზმი ჩაერთვება. პენსია აღარ იქნება რომელიმე მთავრობის ნება-სურვილზე დამოკიდებული, არამედ გეგმაზომიერად გაიზრდება. გაიზრდება მასწავლებლების შრომის ანაზღაურება. წელს უკვე გაიზარდა და აისახება მომავალი წლის ბიუჯეტშიც პოლიციელების, ჯარისკაცების ანაზღაურება. ეს არის ის კატეგორიები, სადაც ანაზღაურება იზრდება.
რაც შეეხება სახელმწიფო მოხელეების სახელფასო ფონდს, საკმაოდ შემცირებულია. კონკრეტულად, ჩვენს სამინისტროში დაახლოებით ორი მილიონი ლარით არის შემცირებული. ეს არის მომჭირნეობის წელი, აქედან გამომდინარე ყალიბდება ეს პრიორიტეტები“, – განაცხადა ნათია თურნავამ.