ნათია თურნავა - ვნახეთ წინა ხელისუფლების მართული კრიზისი, როცა 2008 წლის აგვისტოში ზოგი რომელ საზღვარზე გარბოდა, ზოგი - რომელზე, რომ ქვეყანა დაეტოვებინათ
კრიზისთან გამკლავებაზე როდესაც ვსაუბრობთ, თავი ისე ნუ მოგაქვთ, თითქოს ჩვენზე უპირატესი რეცეპტი გაქვთ, 2008 წლის აგვისტოში თქვენი პოლიტიკური ძალის ლიდერებიდან ზოგი რომელ საზღვარზე გარბოდა, ზოგი – რომელზე, რომ ქვეყანა დაეტოვებინათ, – ამ სიტყვებით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ ოპოზიციის წარმომადგენლებს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მიმართა, სადაც მისი ინტერპელაციის წესით მოსმენა მიმდინარეობს.
მინისტრის განცხადებით, წინა ხელისუფლების წარმომადგენლებს კრიზისის მართვის არავითარი პოზიტიური გამოცდილება არ აქვთ.
„როდესაც კრიზისთან გამკლავებაზე ვსაუბრობთ, თავი ისე ნუ მოგაქვთ, რომ ჩვენთან შედარებით, თქვენ კრიზისის მართვის უპირატესი რეცეპტი გაქვთ. ძალიან მტკივა ხოლმე ამ ფაქტის გამეორება, მაგრამ, როგორც ჩანს, საჭიროა. თქვენი მართული კრიზისი ჩვენ ვნახეთ 2008 წლის აგვისტოში, როდესაც მაშინდელი ხელისუფლების წარმომადგენლები, დღევანდელი თქვენი და თქვენი მეგობარი პოლიტიკური ძალის ლიდერები, ქვეყნის დასატოვებლად ზოგი რომელ საზღვარზე გარბოდა და ზოგი – რომელზე. კიდევ ერთი ფაქტის თქმა მინდოდა, მაგრამ ძალიან მტკივნეულად იღებს ამას ბატონი გიგა ბოკერია. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ თქვენი ერთ-ერთი დღევანდელი პოლიტიკური ლიდერი, მაშინდელი პარლამენტის თავმჯდომარე, მოგვიწოდებდა თუ არა ქართველ ხალხს, რომ დანა – ჩანგლით შეიარაღებულები შეხვედროდნენ მტერს?! ანუ მაშინ ხელისუფლება ბედის ანაბარა დატოვეთ და ახლა ჭკუას გვარიგებთ, როგორ ვმართოთ კრიზისები. თქვენ არც ხალხთან და არც ჩვენთან კრიზისების მართვის არავითარი პოზიტიური გამოცდილება გასაზიარებელი არ გაქვთ. აქედან გამომდინარე, ამ მიმართულებით ჭკუის დარიგება თქვენგან არის მიუღებელი“, – განაცხადა ნათია თურნავამ.