ნათია თურნავამ საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო შედეგების ანგარიშის პრეზენტაციაში მიიღო მონაწილეობა
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო პროცესების შემაჯამებელ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.
შეხვედრა გახსნა საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, გიორგი ჭიჭინაძემ, რომელმაც გასულ წლებში საპენსიო სააგენტოს სამუშაო პროცესი, მიღწევები და გატარებული ღონისძიებები მიმოიხილა.
როგორც სიტყვით გამოსვლისას ნათია თურნავამ აღნიშნა, საპენსიო ფონდის წარმატებაზე მიანიშნებს როგორც ციფრები, ასევე ნდობა, რაც საპენსიო სისტემამ მოსახლეობაში მოიპოვა.
„მოხარული ვარ, რომ ეროვნულმა ბანკმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საპენსიო სისტემის მიმართ მაღალი ნდობის მოპოვებაში. სწორედ ნდობაზეა დაფუძნებული საპენსიო სისტემის წარმატება ნებისმიერ ქვეყანაში და, მით უფრო, საქართველოში“, – განაცხადა ნათია თურნავამ.
საპენსიო სააგენტოს ინფორმაციით, განვლილი ხუთი წლის განმავლობაში წმინდა კონტრიბუციებისა და გონივრული საინვესტიციო გადაწყვეტილებების შედეგად საპენსიო აქტივები მნიშვნელოვნად გაიზარდა და 2024 წლის 31 მარტის მდგომარეობით, 4.8 მილიარდ ლარს მიაღწია, რაც საქართველოს მშპ-ის 5.8 პროცენტს უტოლდება.
ნათია თურნავას თქმით, გარდა მოსახლეობისთვის გაზრდილი საპენსიო შემოსავლის უზრუნველყოფისა, საპენსიო სააგენტოს რესურსი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქვეყნის მაკროეკონომიკურ სტაბილურობასა და კაპიტალის ბაზრის განვითარებაში.
„საპენსიო სააგენტო უმსხვილესი ინსტიტუციური ინვესტორია კაპიტალის ბაზარზე, რომლის რესურსი უმეტესად ლარში დენომინირებულ ინსტრუმენტებში განთავსდება. აღმასრულებელ ხელისუფლებასთან ერთად, უფრო აქტიურად უნდა ვიმუშაოთ კაპიტალის ბაზრის განვითარებაზე, როგორც დაფინანსების ალტერნატიულ წყაროზე. ვგეგმავთ ლარში დენომინირებული ინსტრუმენტების განვითარებას, რაც საინტერესო იქნება საპენსიო სააგენტოსთვისაც“, – განაცხადა ნათია თურნავამ.
სიტყვით გამოსვლისას ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა საპენსიო სააგენტოს ზედამხედველობის მანდატის გაფართოებასთან დაკავშირებულ გეგმებზე ისაუბრა, რაც ნდობის კიდევ უფრო ამაღლებას ისახავს მიზნად.
„ჩვენს გუნდს საკმაოდ კარგი გეგმები და მუდმივი კომუნიკაცია აქვს საინვესტიციო საბჭოსთან. ვფიქრობთ, საკანონმდებლო დახვეწის პროცესში გავაფართოოთ ჩვენი ზედამხედველობის მანდატი და საპენსიო სააგენტოს შევხედოთ, როგორც კორპორატიულ სტრუქტურას. ვგეგმავთ, ჩვენმა ზედამხედველობამ დაფაროს სხვა საკითხებიც, მაგალითად, საოპერაციო რისკები, კიბერუსაფრთხოება და ასე შემდეგ. ეს კიდევ უფრო აამაღლებს ნდობას“, – განაცხადა ნათია თურნავამ.
საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო პროცესების ხუთი წლის შემაჯამებელი ღონისძიება მიზნად ისახავდა ორგანიზაციის დაარსებიდან დღემდე არსებული საინვესტიციო შედეგების ფართო საზოგადოებისთვის გაცნობას.
ღონისძიებაზე ასევე გაიმართა პანელური დისკუსიები, რომელშიც მონაწილეობა მიიღო სებ-ის ფასიანი ქაღალდების ბაზრის ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსმა, დავით აბესაძემ.